მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დიმიტრი სილაქაძის წიგნის „თებერვლის ტანკები“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

24 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 104-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება დიმიტრი სილაქაძის „თებერვლის ტანკების“ პრეზენტაცია. წიგნი გამოსცა „არტანუჯმა“.

პირველი „რკინის ურჩხული“, ტანკი, 1915 წელს ბრიტანელებმა შექმნეს. 1921 წლის 24 თებერვალს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოსა და ამიერკავკასიის ისტორიაში პირველად თბილისთან ახლოს, მდინარე ლოჭინის მარჯვენა სანაპიროზე, გამართულ ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ტანკები და ქვეითები.

წიგნში დღემდე ცნობილი წყაროებისა და უცნობი საარქივო დოკუმენტების შეჯერების საფუძველზე ნაჩვენებია შეტაკების სურათი და მიკვლეულია ბრძოლის ველი. ავტორი აღწერს იმ ეპოქაში ტანკების გამოყენების სპეციფიკასა და ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლის მეთოდებს, მოგვითხრობს დამოუკიდებელი ქართული არმიის ტანკების ისტორიასა და 1945 წელს ბერლინის აღების მონაწილე ერთი ტანკის გრძელ თავგადასავალს.

ისტორიის დოქტორი დიმიტრი სილაქაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი და თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მისი კვლევის ვიწრო სპეციალიზაციაა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები.

შეხვედრას მოდერაციას გაუწევს ბექა კობახიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 24 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2025

ბანერები