მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„ცვალებადი სივრცითი რეჟიმები: გეოგრაფიული ცოდნისა და საზიარო წარმოსახვების წარმოება მეფის რუსეთსა და საბჭოთა კავშირში“ – სოფია გავრილოვას საჯარო ლექცია

ღონისძიებები

7 ნოემბერს, 20:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ლაიფციგის რეგიონული გეოგრაფიის ლაიბნიც-ინსტიტუტის დოქტორის, სოფია გავრილოვას საჯარო ლექცია: „ცვალებადი სივრცითი რეჟიმები: გეოგრაფიული ცოდნისა და საზიარო წარმოსახვების წარმოება მეფის რუსეთსა და საბჭოთა კავშირში“.

მომხსენებელი გააანალიზებს, თუ რა ფუნქციას ასრულებდა გარკვეული მითები და დუმილი საზიარო წარმოსახვითი სივრცეების წარმოებაში საბჭოთა მმართველობის დროს. რა იყო ის მთავარი წანაცვლებები, რომლების საზიარო გეოგრაფიული წარმოსახვების წარმოებამ განიცადა ცარიზმის დროიდან საბჭოთა პერიოდამდე? – ამ საკითხებზე დაყრდნობით სოფია გავრილოვა ხაზს გაუსვამს სივრცის ინდივიდუალური და „პერიფერიული“ ისტორიების განვითარების მნიშვნელობას კოლონიურ, თავსმოხვეულ სივრცით მოდელებთან დასაპირისპირებლად.

საზიარო გეოგრაფიული წარმოსახვის წარმოება ყველა საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი პროცესია. ადამიანები როგორ აღიქვამენ და მიემართებიან გარკვეულ სივრცეს, პირდაპირაა დაკავშირებული საერთოობის განცდასთან და, შესაბამისად, საზიარო ღირებულებების, მიკუთვნებულობისა და იდენტობათა შექმნასთან. ეს შეიძლება საფუძვლად დაედოს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის თვითგამორკვევას ან ზემოდან იქნეს თავსმოხვეული სახელმწიფოს მიერ კონტროლისა და მართვის მიზნით. სივრცესთან მიკუთვნება სხვადასხვა დონეზე ხდება – დაწყებული საკუთარი დაბადების ადგილიდან დამთავრებული სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ კონსტრუირებული ტერიტორიებით. რაგინდ განსხვავებული იყოს ეს სივრცითი ცოდნა თუ აღქმა პირად დონეზე, გარკვეულ ინსტიტუციებსა და მათ ინსტრუმენტებს მაინც შესწევთ ძალა, ადამიანებს თავს მოახვიონ სივრცის საზიარო გაგება, და ამის მიზანი, როგორც წესი, ერი-სახელმწიფოს ან იმპერიის იდეების გამყარებაა. სივრცის ეს საზიარო ხედვები ნამდვილად არ არის რაიმე აზრით „ობიექტური“, არამედ ნაზავია სახელმწიფო იდეოლოგიის, სახელმწიფო პროპაგანდისტული ნარატივებისა და ამა თუ იმ საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის ტრადიციული გეოგრაფიული აზროვნებისა.

სოფია გავრილოვას შესახებ

სოფია გავრილოვა კულტურული და საზოგადოებრივი გეოგრაფიის სპეციალისტია. მან 2019 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით და 2019-2020 წლებში იქვე ეწეოდა პოსტსადოქტორო კვლევას. ამჟამად ლაიფციგის რეგიონული გეოგრაფიის ლაიბნიც-ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია. მისი სამეცნიერო ინტერესის საგანია ადგილისა და ეროვნული იდენტობის საკითხები, საბჭოთა გეოგრაფიული აზროვნების ისტორია და სივრცითი იდენტობების წარმოება.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 7 ნოემბერი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

ბანერები