მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„არ დამივიწყო“ – ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

15 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი ნანი მანველიშვილი გამართავს თავისი რომანის „არ დამივიწყო“ პრეზენტაციას.

წიგნის შესახებ

რა მოხდება, თუ ერთ დღეს ადამიანებს ასეთი უცნაურობა დაემართებათ – დაავიწყდებათ ყველა და ყველაფერი, საკუთარი იდენტობაც კი. თუმცა ემახსომებათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი: ვიღაცას – დედა, ვიღაცას – შვილი, ზოგს – მამა და ზოგსაც – სულაც მეზობელი? „არ დამივიწყო“ – პასუხია ამ კითხვაზე.

რომანში ორი ძირითადი ხაზია: პირველი თანამედროვე საქართველოში ვითარდება, მთავარი გმირი კი ლენეა, სტუდენტი გოგონა, რომელიც ბებიის ბურუსით მოცული თავგადასავლის გაგებას ცდილობს, ბებიისა, რომელიც საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა და მისი ამბავი თვალსა და ხელს შუა გაქრა.

მეორე ხაზი წარსულია – საბჭოთა კავშირი, ქართველების როლი და ადგილი ამ სივრცეში, ადამიანის ბედი ტოტალიტარულ სახელმწიფოში, ომი და... სიყვარული.

ეს არის ამბავი დავიწყებულებზე. ზოგჯერ ჩვენ ვივიწყებთ, უფრო ხშირად კი გვივიწყებენ. როგორია იყო დავიწყებული? რას ნიშნავს მარტოობა, როგორ უნდა ებრძოლო საკუთარ თავს თუ არ გახსოვს, ვინ ხარ? რა იყო საბჭოთა ტერორი და რა გავლენა ჰქონდა ადამიანებზე? როგორია სიყვარული, მართლა აძლევს ძალას ადამიანს ბრძოლისთვის? როგორ უნდა იყო ძლიერი ქალი? რატომ მაინდამაინც სენი – დავიწყება? – ეს და სხვა კითხვები გაუჩნდება მკითხველს და პასუხების ძიებას წიგნში ან მის გარეთ დაიწყებს.

წიგნი 2023 წელს „პალიტრა L-მა“ გამოსცა.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 15 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები