ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა საერთაშორისო წარმატება
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები – თამარ მღებრიშვილი, ირაკლი ნაცვლიშვილი და მარიამ შეროზია –წელს ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის დოქტორანტები და ამავე დროს Lisbon Addiction 2024-ის სტიპენდიატები გახდნენ. ოქტომბერში ისინი წარადგენენ ადიქციის დარგში ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგებს პოსტერების სახით.
Lisbon Addiction 2024, ადიქციის დარგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფერენცია, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მკვლევრებისთვის გასცემს სტიპენდიებს კონფერენციაში მონაწილეობისთვის.
აღსანიშნავია, რომ მარიამი და თამარი ასევე ესწრებიან ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრის (European Monitoring Centre for Drugs and Drug Addiction- EMCDDA) მიერ გამართულ საზაფხულო სკოლას, რომლის სტიპენდიის მოსაპოვებლად საკმაოდ რთული კონკურსი გაიარეს.
EMCDDA-მა წელს პირველად გამოაცხადა 3-თვიანი სტაჟირება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში პარტნიორობის გასაძლიერებლად ევროპასა და მეზობელ ქვეყნებში ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემებისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხების შესახებ.
სტაჟირების კონკურსის შედეგად შეარჩიეს 11 სტაჟიორი. საქართველოდან კონკურსის გამარჯვებულია თამარ მღებრიშვილი, რომელიც ამჟამად ლისაბონში, EMCDDA-ის ოფისში, გადის სტაჟირებას.
ილიაუნის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა წარმატებას უსურვებს მკვლევრებს!
2024