ვაკანსია ბავშვზე ზრუნვის მომსახურებათა მონიტორი
სახელმწიფოს 2013 წელს დონორი ორგანიზაციების დაფინანსებითა და ხელშეწყობით დაგეგმილი აქვს ბავშვზე ზრუნვის მომსახურებათა (მცირე საოჯახო ტიპის სახლი, დღის ცენტრი) მონიტორინგის განხორციელება. აღნიშნულის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდმა ტენდერის საფუძველზე შეარჩია და დაიქირავა არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (შემდგომში - სსმა). ასოციაციის ვალდებულებაა, მხარი დაუჭიროს სახელმწიფოს ამ მიმართულებით, შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში - სამინისტრო), მის დაქვემდებარებულ სააგენტოებსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან (შემდგომში - UNICEF-ი) თანამშრომლობით შეიმუშაოს მონიტორინგის ინსტრუმენტები და პროცედურები. ასევე, პროექტის განხორციელების ვადაში დაიქირავებს ოთხ თანამშრომელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ინსტრუმენტებისა და პროცედურების შექმნის, ასევე, ბავშვზე ზრუნვის მომსახურებათა მონიტორინგის განხორციელების პროცესებში. დაქირავებული მონიტორების სახელფასო განაკვეთი შესაბამისობაში იქნება სახელმწიფო მოხელის ანაზღაურებასთან.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აცხადებს ბავშვზე ზრუნვის მომსახურებათა მონიტორის ვაკანსიას.
თანამშრომელთა მოვალეობები და შესასრულებელი სამუშაო:
შერჩეული თანამშრომელი სსმა-ის მხარდაჭერითა და ზედამხედველობით მონაწილეობას მიიღებს და განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
** გაივლის სატრენინგო პროგრამას მონიტორინგის პროცედურებზე, რომელიც სსმა-ს მიერ წინასწარ იქნება შეთანხმებული. ტრენინგის დასრულების შემდეგ ჩააბარებს გამოცდას (რაც წარმოადგენს სავალდებულო პირობას კონტრაქტის შენარჩუნებისთვის);
** ითანამშრომლებს სამუშაო ჯგუფთან, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შჯსდ-ის სამინისტროს, შესაბამისი სააგენტოების, სსმა-ისა და UNIСEF-ის წარმომადგენლებისგან. ჯგუფი ჩამოაყალიბებს მონიტორინგის კონცეფციას, შეფასების ინსტრუმენტებს, გასაჩივრების მექანიზმებსა და გზამკვლევს;
** განახორციელებს შემუშავებული მონიტორინგის შეფასების ინსტრუმენტების გამოცდას და წვლილს შეიტანს ინსტრუმენტების შემდგომ დახვეწაში;
** განახორციელებს ბავშვზე ზრუნვის მომსახურებათა (მცირე საოჯახო ტიპის სახლი, დღის ცენტრი) მონიტორინგს, ლიცენზირებისა და სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად;
** მონიტორინგის პროცესში უზრუნველყოფს მომსახურებებისთვის რეკომენდაციების მიწოდებასა და კონსულტირებას, მათი პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით;
** შეაგროვებს, სისტემაში მოიყვანს და განიხილავს მონიტორინგის შედეგებს, მოამზადებს ანგარიშებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელი:
** უმაღლესი განათლება;
** სოციალური მომსახურების სფეროში სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
** წერითი და ანალიტიკური უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპიუტერულ საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** სახელმწიფო სექტორში მუშაობის გაგრძელების მზაობა;
** სასურველი: განათლება სოციალურ მუშაობაში ან სხვა მომიჯნავე სპეციალობებში.
სამუშაო პირობები:
შერჩეული თანამშრომლის სამუშაო ადგილია სსმა-ის თბილისის ოფისი. სამუშაო ითვალისწინებს რეგულარულ მივლინებებს, საჭიროების შემთხვევაში ღამისთევით. თანამშრომელი ანგარიშვალდებულია სსმა-ის წინაშე.
სსმა-სთან კონტრაქტის ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს (მარტი - აგვისტო, 2013).
დაინტერესებულმა პირებმა გადმოგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი 11 თებერვლის 18:00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gasw@gasw.org