პროექტი სტუდენტებისთვის
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი, "ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - "ახალგაზრდული ინიციატივები". პროექტის ფარგლებში შეირჩევა თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები (სტუდენტურ გაერთიანებათა წარმომადგენლები). ისინი გაივლიან ინტენსიურ ტრენინგებს ფონდების მოძიების, პროექტის მართვასა და ადვოკატირების საკითხებზე, რის შემდეგაც მათ მიეცემათ კონკრეტული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობა. კერძოდ, შერჩეულ სტუდენტებს, ტრენინგების შემდეგ, საშუალება ექნებათ, ლევან მიქელაძის ფონდში წარმოადგინონ ადვოკატირების თემაზე მომზადებული საპროექტო განაცხადები. ფონდი გამოავლენს საუკეთესო პროექტებს და გამარჯვებული სტუდენტების მონაწილეობით უზრუნველყოფს მათ განხორციელებას. ხსენებული პროექტებით გათვალისწინებულ აქტივობებს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი დააფინანსებს.
პროექტში "ახალგაზრდული ინიციატივები" მონაწილე სტუდენტები შეირჩევა კონკურსით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტუდენტებს. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადებს თან უნდა დაურთონ:
* რეზიუმე,
* სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებული იქნება განმცხადებლის მოტივაცია, თუ რატომ სურს პროექტში მონაწილეობის მიღება და სამომავლოდ რა საქმიანობაში
შეძლებს მიღებული ცოდნის გამოყენებას.
აღნიშნული დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში,ელექტრონული ფოსტის მისამართზე:jobs.levanmikeladze.foundation@gmail.com არაუგვიანეს 2013 წლის 4 ივნისისა.