ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

"განათლების განვითარების ხელშეწყობის კავშირ"-ის უფასო კურსები

"განათლების განვითარების ხელშეწყობის კავშირი", გერმანული ასოციაციის "dvv international" ხელშეწყობით, იწყებს მსურველების მიღებას უფასო კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, დასაქმების რეალური პერსპექტივით, შემდეგ სპეციალობებში:

•    გამყიდველ-კონსულტანტი;
•    ავტოშემკეთებელი (7 სხვადასხვა სპეციალიზაციით);
•    ფართო პროფილის მშენებელი;
•    სოფლის მეურნე (მემცენარეობა, მებოსტნეობა).

ტრეინინგების ჩატარების მეთოდი და გრაფიკი:

ტრეინინგი შედგება ორი საფეხურისაგან: ლექციური და პრაქტიკული. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ჩატარდება ე.წ. "დუალური მეთოდით".

პრაქტიკაზე ორიენტირებული ე.წ. "დუალური მეთოდი" კარგად არის აპრობირებული დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით გერმანიაში. დასავლური მეთოდის მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ სტუდენტი სასწავლო პროცესის ძირითად ნაწილს ატარებს კერძო კომპანიებში, სადაც საშუალება ეძლევა რეალურად ჩაერთოს ყოველდღიურ საქმიანობაში, შესაძლო რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და ამით პრაქტიკული უნარ-ჩვევები შეიძინოს.

კვირაში ერთი დღე მონაწილეებს ჩაუტარდებათ თეორიული მეცადინეობები, ხოლო ოთხი დღე იქნებიან პრაქტიკის ობიექტზე - პრესტიჟულ კერძო საწარმოებში: სავაჭრო ობიექტებში, ავტომობილის ტექნიკური მომსახურების (ე.წ. პროფილაქტიკა) ცენტრებში, მშენებლობებზე და აგრარულ საწარმოებში, სადაც შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ზემოთ ხსენებულ პროფესიებში.

რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა? - თქვენი სარგებელი:


•    ყველა კურსდამთავრებული მიიღებს სერთიფიკატს;
•    წარმატებულ კურსდამთავრებულებს ექნებათ პრაქტიკის ობიექტზე დასაქმების შანსი;
•    კურსის გავლის პერიოდში ნაწილობრივ ანაზღაურდება დღიური ხარჯები.

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები დაიწყება 2010 წლის 1 ნოემბერს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-დან 35 წლამდე მოტივირებულ ახალგაზრდებს, ვისაც გააჩნია პროფესიის დაუფლების და შემდგომი დასაქმების სურვილი.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 25 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები