პირველი ამიერკავკასიიდან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტის კურსდამთავრებული თორნიკე გაჩეჩილაძე პირველია ამიერკავკასიიდან, რომელმაც წარმატებით გაიარა რამდენიმე საკონკურსო შერჩევა და 700 კონკურსანტიდან იმ 33 საუკეთესოს შორის მოხვდა, რომლებიც 2010-2011 წლებში საბერძნეთის პელოპონესის უნივერსიტეტის ადამიანთა განვითარებისა და ბიომეცნიერების ხარისხის ფაკულტეტის სპორტული ორგანიზაციისა და მართვის დეპარტამენტის ასპირანტურის პროგრამით (მისი სახელწოდებაა "ოლიმპიური სწავლება, ოლიმპიური განათლება, ოლიმპიური შეჯიბრებების მართვა და ორგანიზაცია") ისწავლიან.
თორნიკე გაჩეჩილაძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009 წელს დაამთავრა, ახლა კი სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდის. 13 წლის ასაკში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მსოფლიო ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა, 2004 წელს ათენის ოლიმპიური თამაშების დღეებში ორგანიზებულ ახალგაზრდულ საერთაშორისო ოლიმპიურ ბანაკში მიიწვიეს, 2009 წელს საერთაშორისო ოლიმპიურ სემინარში მონაწილეობდა, სადაც გამოვიდა მოხსენებით "გლობალიზაცია და ოლიმპიზმი (პარალელები)". ნაშრომმა მაღალი შეფასება დაიმსახურა, რამაც განაპირობა მისი ასპირანტურაში ჩარიცხვა.
თორნიკე სასწავლებლად საბერძნეთში 17 სექტემბერს გაემგზავრება.