ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფუტსალის ლიგა 2-ის ტურნირს ილიაუნი ჩემპიონის სტატუსით იწყებს

ახალი ამბები

საქართველოს ფუტსალის ლიგა 2 იწყება. ილიაუნი ტურნირში მესამე სეზონს ჩაატარებს და ამჯერად ჩემპიონის სტატუსით იასპარეზებს. 2021/22 წწ. სეზონი სტარტს 31 ოქტომბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში აიღებს. ჩვენი პირველი მეტოქე ევროპის უნივერსიტეტი იქნება.

გასულ სეზონში ილიაუნი 2-მა ოქროს მედლები მოიპოვა, შესაბამისად, ახლა ჩვენი მთავარი მიზანი ტიტულის შენარჩუნებაა. ტურნირის ორგანიზატორებთან კომენტარში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ილიაუნის გუნდის სპორტულმა დირექტორმა კახა კაპანაძემ გუნდის მზადყოფნა შეაფასა და ლიგა 2-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

– ამ ტურნირს ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით და ჩვენი გუნდის აკადემიად აღვიქვამდით. 2020-21 წლის მთელი სეზონი სანახაობრივი გამოდგა. გამორჩეული მოთამაშეები, რომლებიც ჩავთვალეთ, რომ ახალი გამოწვევებისთვის მზად არიან, თამაშს პირველ გუნდში განაგრძობენ, მეორე ნაწილი კი ახალი სეზონისთვის ემზადება. ილიაუნი 2-ის შემადგენლობაში აუცილებლად იხილავთ ახალ, ნიჭიერ ახალგაზრდებს.

სასიამოვნოა, როდესაც ტურნირს ჩემპიონის სტატუსით იწყებ და ბუნებრივია, ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმული და პასუხისმგებლობაა. გუნდის მიზანი იყო და რჩება ნებისმიერი მიმართულებით (გუნდური თუ ინდივიდუალური) სტაბილური განვითარება. ეს გულისხმობს ჩვენს შესაძლებლობათა, პრობლემების, სათამაშო სტილის, მოთამაშეების უნარებისა და სხვა მრავალი ინდიკატორის ინდივიდუალურად შეფასებას, განვითარების სტრატეგიის შედგენასა და ამ და სხვა საკითხებზე ყოველდღიურ მუშაობას.

მჯერა, ჩვენი მიდგომებითა და ალიკ სარქისიანის ღრმა კომპეტენციის წყალობით ღირსეულად დავიცავთ ჩემპიონის ტიტულს. - https://bit.ly/2ZrwxI6

შეგახსენებთ, რომ გუნდში ახალი წევრების მიღება გრძელდება. დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3FOv6UA

2021 წელი

ბანერები