ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ალიკ სარქისიანი სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

ახალი ამბები

ილიაუნის ფუტსალის გუნდის საუკეთესო ნომინაციებში გამარჯვებულების გაცნობას დავასრულებთ მთავარი მწვრთნელით, ალიკ სარქისიანით, რომელმაც საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის 2020/21 წწ. სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული მიიღო.

ალიკამ ილიაუნის ფუტსალის გუნდი 2017 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვება ვიზეიმეთ. 2018 წელს სტარტი აიღო საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-მა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა დებიუტი პროფესიულ დონეზე ფინალში თამაშით აღნიშნა. ილიაუნი მომდევნო წელს პირველ ლიგაში კვალიფიცირდა და სეზონი ბრინჯაოს მედლებით დაასრულა.

წელს ალიკ სარქისიანი ილიაუნის სამ გუნდს წვრთნიდა და სამივემ საპრიზო ადგილი მოიპოვა. სტუდენტურ ლიგაში ილიაუნელებმა მესამე ადგილი დაიკავეს. პირველმა გუნდმა საქართველოს თასის გათამაშება მოიგო, ილიაუნი 2-მა კი შთამბეჭდავი ასპარეზობის შემდეგ ფუტსალის ლიგა 2-ის თასი აღმართა.

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტმა ალიკ სარქისიანს სეზონის შეჯამება და გეგმებზე საუბარი სთხოვა: „მთელი სეზონით კმაყოფილი ვარ. პირველ გუნდში თავიდან საკადრო პრობლემები გვქონდა, როცა ვნახეთ, რომ ქულებით ჩამოვრჩით, აქცენტი თასის გათამაშებაზე გავაკეთეთ და წარმატებას მივაღწიეთ.

მეორე გუნდზე ბევრი კარგის თქმა შემიძლია, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. ½ ფინალურ და ფინალურ სერიებში თავდაპირველად ვმარცხდებოდით, საბოლოოდ მაინც გავიმარჯვეთ. თამაშს როცა აგებდნენ, მაშინაც კი მქონდა იმედი, რომ არ მოდუნდებოდნენ და მეტი შემართებით იბრძოლებდნენ. ამაში კაპიტანმაც დიდი როლი ითამაშა.

სტუდენტურ ლიგაში ½ ფინალში ისეთ გუნდთან წავაგეთ, რომელიც შემდეგ უმაღლეს ლიგაში საქართველოს ჩემპიონი გახდა და ამ ფონზე მესამე ადგილი კარგი შედეგია. რაც შეეხება მომავალ სეზონს: რამდენიმე მოთამაშემ დაგვტოვა. შევსება გვექნება. ვფიქრობ, ახალგაზრდული გუნდი გვეყოლება, როგორც აქამდე. საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო გუნდისთვისაც კარგია და, რა თქმა უნდა, დაფასება ჩემთვისაც სასიამოვნოა. მინდა აღვნიშნო, მეოთხე წელია ილიაუნიში ვარ და ამ გუნდის მენეჯმენტით ძალიან კმაყოფილი ვარ. მიუხედავად შედეგისა, ყოველთვის ვგრძნობ ნდობასა და გვერდში დგომას, “ – თქვა მან.

2020/21 წწ. სპორტული სეზონი დასრულდა და მომდევნო წელს ილიაუნი ტიტულების დაცვას და ახალი მიზნების მიღწევას შეეცდება.

2021 წელი

ბანერები