ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

განათლების საერთაშორისო ცენტრი ახალ სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

11 იანვრიდან განათლების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს ახალ სასტიპენდიო პროგრამას - „სამაგისტრო პროგრამა საფრანგეთში 2016-2017“. პროგრამის ფარგლებში, საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები ერთობლივად დააფინანსებენ საქართველოს ოცამდე მოქალაქის სწავლას საფრანგეთში, სამაგისტრო პროგრამებზე.

სასტიპენდიო პროგრამის - „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ - მიზანია, საშუალება მისცეს საქართველოს ახალგაზრდობას, საფრანგეთში მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე. სწავლის დასრულების შემდგომ, კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით განაგრძობენ მოღვაწეობას.

პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობებია:

  • აგრარული მეცნიერებები;
  • განათლება;
  • ინჟინერია;
  • მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • სამართალი;
  • არქიტექტურა;
  • საჯარო მმართველობა;
  • მენეჯმენტი.

კონკურსში გამარჯვებული პირი დამოუკიდებლად აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს საფრანგეთში, მისთვის სასურველ უნივერსიტეტ(ებ)ში პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე.

განაცხადების წარმოდგენის ვადა: 11 იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით (19:00 სთ), 2016.

დაინტერესებული პირები განაცხადს და შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენენ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით https://app.iec.gov.ge/

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს ელექტრონული განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. ელექტრონული განაცხადი და შესაბამის დოკუმენტაცია 11 თებერვლის ჩათვლით (19:00 სთ) უნდა აიტვირთოს სააპლიკაციო ფორმაში. ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს მის რედაქტირებას.

ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

კონკურსის საბოლოო შედეგები 2016 წლის 11 მარტამდე გახდება ცნობილი.

საკონკურსო განაცხადების განხილვისას მხედველობაში იქნება მიღებული სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობებისა და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

დაინტერესებულ პირებს საკონკურსო პირობებისა და მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ბმულზე - http://iec.gov.ge/4268

საკონტაქტო ინფორმაცია:

განათლების საერთაშორისო ცენტრის ცხელი ხაზი - ტელ: 0322 240 02 02

ბანერები