ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ზემო იმერეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები

ღონისძიებები

28 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის 2, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიდისციპლინარული არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგების და აღმოჩენების  პრეზენტაცია. აღნიშნული ექსპედიცია 2009 წლიდან ხორციელდება ჭიათურის რაიონში უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის პალეოგარემოს კვლევების ლაბორატორიის სამეცნიერო მიმართულების- ”ადამიანი და გარემო. ადამიანის ადაპტაციები გარემოსთან ზემო იმერეთის ბუნებრივი მღვიმეების და ხელოვნური გამოქვაბულების მიხედვით” ფარგლებში.

ჭიათურის რაიონი და ზოგადად, ზემო იმერეთი, არის მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის მიერ ათვისებული ერთ-ერთი უძველესი და მღვიმეებით უმდიდრესი კარსტული რეგიონი. კავკასიასა და საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ აქ დაიწყო ქვის ხანის კვლევა XIX ს-ში და XX ს-ის დასაწყისში. ეს არის ძველი ქვის ხანის სხვადასხვა ეპოქაში პირველყოფილი ადამიანების მიერ მეტად ინტენსიურად დასახლებული მხარე. აქ სახლობდნენ ჰომო ერექტუსებიც (დაახლოებით  700000-დან 300000წწ- მდე), ნეანდერტალელებიც (300000-35 000 წწ-მდე) და ჰომო საპიენს საპიენსებიც (35000 წ-დან).

მულტიდისციპლინარულ მეთოდებში იგულისხმება მეცნიერების ყველა ის მიმართულება და დარგი, რომელიც გარკვეულ ინფორმაციას იძლევა წარსულის სხვადასხვა ეპოქის პელეოგარემოსა და ადამიანთა კულტურაზე (არქეოლოგია, პალეონტოლოგია, პალეობოტანიკა, გენეტიკა და სხვა.)

აღნიშნული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანებს ზემო იმერეთის უამრავი მღვიმე სხადასხვა მიზნით ათვისებული ჰქონდათ ისტორიის ყველა ეტაპზე (ძველი ქვის ხანა, ახალი ქვის ხანა, სპილენძ-ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა, ანტიკური ხანა, შუა საუკუნეები).

ექსპედიცია  და ლაბორატორია, პროფესორ ნიკა თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით, თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ისეთ უცხოურ წრეებთან, როგორებიცაა: ჰარვარდის, ტარაგონის, ჰიბრიუს, კონექტიკუტის, კორკის, ოქსფორდის, მადრიდის უნივერსიტეტები, პარიზის პრეისტორიული კვლევების სხვადასხვა ცენტრი.

ბანერები