ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“ – კინოჩვენება და დისკუსია ილიაუნიში

ღონისძიებები

6 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი უმასპინძლებს კინოჩვენებას და დისკუსიას.

წარმოგიდგენთ მილოშ ფორმანის ბიოგრაფიულ ფილმს „ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“. ფილმში აღწერილია 1980-იან წლებში აშშ-ში მიმდინარე მოვლენები.

გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ღირებულებათა შორის კონფლიქტი აქტუალობას არ კარგავს ჩვენს რეალობაშიც. კომპანია „აიისას” მიმართ სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლითაც კომპანია დაჯარიმდა რელიგიური მორალის შეურაცხყოფის გამო, აქტიური დისკუსია გამოიწვია. განსხვავებულ შეფასებებს იწვევს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული კომენტარები. პარალელურად, საქართველოს პარლამენტში წარდგენილია არაერთი საკანონმდებლო ინივიატივა, რომელთა მიზანია რელიგიური მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

ფილმი მთავარი პერსონაჟის, ლარი ფლინტის, ცხოვრების აღწერით გვაჩვენებს ღირებულებათა შორის კონფლიქტს. ძალზე საინტერესო სანახავია, რა ბრძოლები გაიარა ერთმა ადამიანმა გამოხატვის თავისუფლების დაცვის გზაზე. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე „ფლინტი ფოლუელის წინააღმდეგ“ ამ ფილმის გადაღების საფუძველი და უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია ამერიკულ და მთელი მსოფლიოს იურისპრუდენციაში.

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სამართლის სკოლის სტუდენტების ინიციატივით შექმნილი სივრცეა, სადაც იმართება კინოჩვენებები და დისკუსიები ადამიანის უფლებების თემაზე. გიწვევთ, მოვლენების კვალდაკვალ ვიმსჯელოთ და შევაფასოთ, სად ვართ და რა შეიძლება გაკეთდეს?!

ფილმის ენა: ქართული

მომხსენებელები: თამარ კორძაია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ნანა ერაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი

მოდერატორი: ანა ებანოიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი

დრო: 6 ივნისი, 19:00-21:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები