ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ურსულა ლე გუინი „ატუანის აკლდამები“ – რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

29 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გეპატიჟებათ ურსულა ლე გუინის რომანის „ატუანის აკლდამები“ პრეზენტაციაზე.

როდესაც ტენარს უსახელო ძალების ერთ ქურუმად აირჩევენ, მას ყველაფრის მიტოვება მოუწევს – სახლის, ოჯახის და საკუთარი სახელისაც კი. ის ამიერიდან არჰაა, ატუანის აკლდამების მცველი.

„ატუანის აკლდამებში“ კვლავ ვიხილავთ „ზღვამიწეთის ჯადოქრის“ მთავარ გმირს, გედს, რომელიც თავგადასავლების ძიებაში აკლდამების ლაბირინთის პატიმრობაში აღმოჩნდება, სადაც ახალგაზრდა ჯადოქრისა და მისი დამტყვევებლის, ტენარის გზები გადაიკვეთება. 

ლე გუინის თქმით, როგორც „ზღვამიწეთის ჯადოქარი“ წარმოადგენს ბიჭის კაცად ქცევის ისტორიას, ისევე „ატუანის აკლდამები“ არის ამბავი გოგონას შესახებ, რომელმაც თავისი როლი და დაკისრებული პასუხისმგებლობა უნდა გადაიაზროს და ცხოვრების გზა თავად აირჩიოს.

„ატუანის აკლდამებში“ ლე გუინმა შექმნა განსაკუთრებით პირქუში და ბნელი სამყარო, სადაც წყვდიადის განათება განსაკუთრებით რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

წიგნს მთარგმნელი ნინო ოქრუაშვილი და გამომცემლობის „წიგნები ბათუმში" წარმომადგენელი დავით ლომია წარადგენენ.

დრო: 29 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

დასწრება თავისუფალია.

ბანერები