ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტუვე იანსონის „სახიფათო ზაფხული“ - წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

2 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ტუვე იანსონის მუმინების სერიის ახალი წიგნის პრეზენტაციაზე. წიგნს - სახელწოდებით, „სახიფათო ზაფხული“ - მისი მთარგმნელი, ლიკა ჩაფიძე, და დრამატურგი და მთარგმნელი, დავით, გაბუნია წარადგენენ.

„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს შვედურენოვანი ფინელი მწერლის, ტუვე იანსონისა და მუმინების სერიის კიდევ ერთი წიგნის - „სახიფათო ზაფხულის“ - შესახებ საუბარი შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისა, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად, კიდევ ერთხელ ვილაპარაკოთ ბავშვებზე, რომელთაც გაზრდა და დიდობა ეჩქარებათ, და დიდებზე, იმ პატარა არსებებთან სათამაშოდ რომ ვეღარ იცლიან, რომლებიც მუდამ ცხოვრობენ მათში და ბავშვობის დასრულების შემდეგაც კი არსად გამქრალან“, - ლიკა ჩაფიძე.

ყოველ ზაფხულს დედა მუმინი მუმინტროლს სათამაშო აფრიან ნავს უკეთებს. წლევანდელი ზაფხულიც ამ ტრადიციით დაიწყო, თუმცა სულ სხვანაირად გაგრძელდა. ცეცხლის მფრქვეველმა მთამ მუმინების ხეობის ბინადრებს მოულოდნელი განსაცდელი დაატეხა თავს, ისინი წყლის დინებას ჩამოყოლილ უცნაურ სახლში დაბინავდნენ და საოცარი თავგადასავალიც დაიწყო. იმოგზაურეთ მუმინებთან ერთად. ნახეთ, რა მოხდება სიურპრიზებით სავსე ზაფხულის ბუნიობის ღამეს; როგორ დაბრუნდება მშობლებთან დაკარგული მუმინტროლი; დაესწარით მამა მუმინის პიესის გენერალურ რეპეტიციას; შეიბრალეთ ოცდაოთხი ტყის პატარა არსების მამობილი სნუსმუმრიკი და, რაც მთავარია, გაიხარეთ მუმინტროლთან ერთად, რომელიც თავის აფრიან ნავს იპოვის...

მუმინების სერიის წიგნებს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გამოსცემს.

დრო: 2 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები