ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ტურისტის საუზმე“ - ზაზა ბურჭულაძის წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

1-ლ თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და გამომცემლობა „ინდიგო“ გიწვევთ ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნის და ჟურნალ „ინდიგოს“ ახალი, მეხუთე ნომრის პრეზენტაციაზე (ყდაზე - ზაზა ბურჭულაძე). წიგნი - სახელწოდებით, „ტურისტის საუზმე“ - გამოსცა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“, ჟურნალ „ინდიგოს“ მე-5 ნომერში კი დაიბეჭდა ინტერვიუ ზაზა ბურჭულაძესთან და ლევან ბერძენიშვილის რეცენზია წიგნის შესახებ. პრეზენტაციაზე  წიგნის შესახებ ისაუბრებენ:  ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი და ფილოსოფოსი თათა ცოფურაშვილი; ჟურნალს კი წარადგენს პროექტ „ინდიგოს“ დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯაფიაშვილი. პრეზენტაციას ბერლინიდან Skype-ით ჩაერთვება წიგნის ავტორი, ზაზა ბურჭულაძე.

"ზაზა ბურჭულაძემ ბოლო ათწლეულის ჩვეულებას არ უღალატა და ისევ შედევრი შექმნა. ტექსტი, რომელსაც ჰქვია „ტურისტის საუზმე“, უპირველეს ყოვლისა, ე.წ. სიტყვაკაზმული მწერლობის ნატურალისტურ-ჰუმანისტური ძეგლია, ნატურალიზმის თანამედროვე (ყველაზე უჩვეულო რამეებიც რომ ნატურალურად, ბუნებრივად ჩანს და მკითხველმაც nil admirari „არაფერი გაიკვირვო“ პოზა უნდა დაიკავოს) და ჰუმანიზმის ანტიკური (ადამიანია ყველაფრის საზომი) ან შუასაუკუნეობრივი გაგებით (ადამიანი და არა ღმერთი სამყაროს ცენტრში). ავტორი საპრემიო ფინიშზე გავიდა, თუმცა მსოფლიოში არ არსებობს ლიტერატურული პრემია, რომელიც ამ ტექსტს მოირგებდა. თუ მართალი იყო ამ წიგნის დაწერამდე, ან, უბრალოდ, „მდე“ მწერალი თავისი შემოქმედების რაოდენობრივი და თვისობრივი შეფასებისას (ნახევარრომანის ავტორი ვარო), „შემდეგ“ მწერალი უკვე ორ-ნახევარი რომანის ავტორია. ბერლინში დაწერილი „საუზმე“ ქართველ მწერალს ორად უნდა ჩაეთვალოს, როგორც ოდესღაც პოლარული წრის იქით მყოფ პატიმრებს ეთვლებოდათ ერთი დღე ორად".

ლევან ბერძენიშვილი/ ყველაფერი არის ძლიერ კარგად/ ჟურნალი "ინდიგო" N5

დრო: 1-ლი თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები