ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტრენინგ-ცენტრის გახსნა ბავშვის განვითარების ინსტიტუტში

ღონისძიებები

18 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში (ილიაუნის C კორპუსი), კომპანია „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით, გაიხსნება ტრენინგ-ცენტრი.

2015 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში საინტერესო აქტივობები განხორციელდა პროფესიული განვითარების კუთხით. „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა ტრენინგ-ცენტრის შექმნას. ერთი წლის განმავლობაში უცხოელი პროფესორების მონაწილეობით ტრენერების გადასამზადებელი ტრენინგების რამდენიმე ციკლი ჩატარდა. ტრენინგ-მოდულების თემატიკა მოიცავდა როგორც ყოველდღიური უნარების (ტუალეტის ჩვევა, კვება, ძილის ჩვევა და სხვა) განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს, ასევე ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებულ სწავლებისა და ჩარევის სტრატეგიებს, მოზარდობის ასაკთან დაკავშირებულ საჭიროებებს, ალტერნატიული კომუნიკაციის სწავლების მეთოდოლოგიას და სხვა.

1-9 მაისს, ბავშვის განვითარების ინსტიტუტს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ესტუმრნენ ამერიკელი პროფესორები, სინტია ანდერსონი და ჯოდი პოლაჰა. მათ ტრენერები გადაამზადეს შემდეგ საკითხებში: ძილის სიძნელეები, კვების პრობლემები, ტუალეტის ჩვევის ათვისების სტრატეგიები, მშობლებისთვის ბავშვის რთული ქცევის მართვის სწავლება და სხვა.

ხოლო 30 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით, ჩატარდა ტრენინგების მეორე ციკლი ქცევის გამოყენებით ანალიზში. ტრენინგს უძღვებოდნენ კალიფორნიის ფრესნოს უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორები, მერიენ ჯეკსონი და ჟან-პოლ მოშელა.

სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა ტრენინგ-მოდულები, რომელთაც 2016 წლიდან ბავშვის განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლები გაუძღვებიან. ტრენინგ-მოდულების მიზანია ქვეყანაში არსებული პროფესიონალების ცოდნის და კვალიფიკაციის დონის ამაღლება; ასევე - დაინტერესებული მსმენელების მომზადება ქცევის გამოყენებითი ანალიზის აქტუალურ საკითხებში. ტრენინგები, რომლის თემატიკა თანაბრად დააინტერესებს ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს, პედაგოგებს, სპეციალურ მასწავლებლებს, სტუდენტებს, მშობლებს, მოიცავს ბავშვის და მოზარდის განვითარებისთვის აქტუალურ საკითხებს: კვება, ძილის ჩვევა, აგრესიული ქცევა, თამაშის მნიშვნელობა, პოზიტიური მშობლობა და სხვა.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ბავშვის განვითარებით და განვითარების სირთულეებით დაინტერესებულ პროფესიონალთა ცოდნის დონის ამაღლება და ამაზე მუდმივად ზრუნვა პროფესიონალიზმის ერთ-ერთი წინაპირობაა. ბავშვის განვითარების ინსტიტუტში გახსნილი ტრენინგ-ცენტრი სწორედ ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას ისახავს მიზნად. სამომავლოდ, ტრენინგების თემატიკის არეალის გაზრდა და დახვეწაა დაგეგმილი.

დრო: 18 დეკებერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი (ჭავჭავაძის გამზ. #32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსი)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები