ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თორნიკე ჩივაძის საჯარო ლექცია - „დეინდუსტრიალიზაცია და თანამედროვე პროლეტარიატი“

ღონისძიებები

27 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ლექციების ციკლის - „საბჭოთა პარადიგმები“ - ფარგლებში, გაიმართება თორნიკე ჩივაძის საჯარო ლექცია - „დეინდუსტრიალიზაცია და თანამედროვე პროლეტარიატი“.

დიდი დეპრესიის დროს კეინზი არწმუნებდა სტუდენტებს და მოუწოდებდა აუდიტორიას ოპტიმიზმისკენ. მისი აზრით, 2030 წლისთვის კაპიტალისტური სამყარო მიაღწევდა რეალური GDP-ის უდიდეს ზრდას ერთ სულ მოსახლეზე და სიღარიბის გარეშე გადააბიჯებდა შრომის შემდგომ თავისუფალ საზოგადოებაში, რომელშიც სამუშაო დრო კვირაში 15 საათზე ნაკლები იქნებოდა და საზოგადოებას ექნებოდა საშუალება, თავისუფალი დრო საკუთარი განვითარებისთვის დაეთმო. სამწუხაროდ, კეინზის ოპტიმიზმი არ მართლდება: დღევანდელ სამყაროში სამუშაო დრო საკმაოდ მაღალია ახალგანვითარებული კაპიტალისტური ქვეყნების ინდუსტრიულ სექტორებში, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში ის მცირედით თუ იკლებს. რაც შეეხება რეალური GDP-ის ერთ სულ მოსახლეზე ზრდას, მთლიანი მსოფლიო ეკონომიკის ფონზე ის მხოლოდ 2.5-ით თუ გაიზარდა 1990 წლისათვის, თუკი გავიხსენებთ, რომ მსოფლიოს მოსახლეობა მხოლოდ განვითარებული ეკონომიკები არაა.

დღეს არსებობს საერთო კონსენსუსი აკადემიურ წრეებში მედიაში თუ პოლიტიკურ ელიტებში, რომ ჩვენ ვიმყოფებით პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში, სამყაროში, რომელშიც შრომა კვლავ არსებობს, მაგრამ შრომასა და კაპიტალს შორის წინააღმდეგობა აღმოფხვრილია. კლასიკური პროლეტარიატის წილმა ეკონომიკაში საგრძნობლად იკლო და, შესაბამისად, მისი პოლიტიკური როლიც უმნიშვნელოა. პოსტინდუსტრიული თეორიები სხვადასხვა პერსპექტივიდან ვითარდება, მაგრამ ისინი საერთოს შემდეგ თეზისში პოულობენ: ეკონომიკის სტრუქტურულმა ცვლილებებმა - სერვისებზე გადასვლამ, ტრადიციული წარმოების დაცემამ და ინფორმაციული ეკონომიკის აღზევებამ მარქსისტული კლასობრივი ბრძოლის კონცეფცია ანაქრონისტული გახადა.
ამ ყველაფრის ფონზე, არის თუ არა დღეს რელევანტური, გამოვიყენოთ ცნება პროლეტარიატი, კლასი და სხვა ცნებები რომლებიც ჩნდება კაპიტალისტური განვითარების საწყის ფაზაზე? ამ თემების შესახებ მომხსენებელი საჯარო ლექციაზე ისაუბრებს.

დრო: 27 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები