ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტოლერანტობის პრიზი 2015 - დაჯილდოების ცერემონია

ღონისძიებები

22 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი", მედიის განვითარების ფონდის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გაეროს ასოციაციის მედიაკონკურსის - „ტოლერანტობის პრიზი 2015" - გამარჯვებულები გამოვლინდებიან. გაიმართება მედიის განვითარების ფონდის ახალი ინტერნეტპორტალის - www.notophobia.ge - პრეზენტაცია.
„ტოლერანტობის პრიზი“ მედიის განვითარების ფონდმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და გაეროს ასოციაციამ 2014 წელს დააწესეს. იგი გადაეცემა ჟურნალისტებს და ბლოგერებს, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას და ეთიკურად აშუქებენ მრავალფეროვნების საკითხებს.
2015 წლის კონკურსზე წარმოდგენილი იყო 42 მონაწილის 79 ნაშრომი - სტატიები, რეპორტაჟები, რადიოგადაცემები, ბლოგები, სიუჟეტები მრავალფეროვნებისა და გენდერის თემაზე. გამარჯვებულები შემდეგ 7 ნომინაციაში გამოვლინდებიან:

  • რელიგიური მრავალფეროვნების გაშუქება;
  • ეთნიკური მრავალფეროვნების გაშუქება;
  • გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქება;
  • ლგბტ პირების თემების გაშუქება;
  • ბლოგი მრავალფეროვნების საკითხებზე;
  • ტოლერანტობის პრიზი მრავალფეროვნების საკითხებზე მედიაპროდუქციისთვის;
  •  ტოლერანტობის პრიზი რეგიონული მედიისთვის.

საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში შედიან: ელენა ბედველი (ბლუმბერგის კორესპონდენტი კავკასიაში); თამარ გურჩიანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი); ბექა მინდიშვილი (სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი); ნინო რობაქიძე (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო); რუსუდან გოცირიძე (ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესია); რუსუდან ჭანტურია (საქართველოს გაეროს ასოციაცია); ქეთევან მსხილაძე (მედიის განვითარების ფონდი).
კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები.
ღონისძიება ორგანიზებულია „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

დრო: 22 დეკემბერი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი" (ჭავჭავაძის გამზ. #32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები