ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტექნოპარკი ბიზნესინკუბატორში ტექნოლოგიური სტარტაპების შერჩევას იწყებს - საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

12 აპრილს, 17:00 საათზე; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან.

სტუდენტებს, რომელთაც აქვთ ტექნოლოგიური ბიზნესიდეა და სურთ ამ იდეის კომერციულ პროექტად გარდაქმნა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, შეუძლიათ თავიანთი იდეა სააგენტოს ბიზნესინკუბატორში წარადგინონ. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ უკვე დაიწყო ტექნოპარკის ბიზნესინკუბატორში განსათავსებლად სტარტაპების შერჩევა. ინკუბატორში განთავსებულ სტარტაპებს ტექნოპარკი დაეხმარება, ნულიდან დაიწყონ საკუთარი ბიზნესი, აქციონ საკუთარი სტარტაპი სტაბილურად განვითარებად კომპანიად და გაიტანონ საკუთარი პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე. ამისათვის, ტექნოპარკში გათვალისწინებულია მომსახურების სრული ციკლი. ბიზნესინკუბატორში განთავსების შემდეგ, სტარტაპი იღებს სხვადასხვა ტიპის სერვისს, რომელთა საერთო ღირებულება ერთ ადამიანზე  5,000 ლარს აღწევს.

თითოეული სტარტაპი ტექნოპარკში განთავსდება 1 წლით და ინკუბატორის საორგანიზაციო ჯგუფი, ყოველკვირეული მონიტორინგის, მენტორშიპისა და ინტენსიური ბიზნესტრენინგების საფუძველზე, ხელს შეუწყობს იდეის განვითარებას. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ბიზნესინკუბატორის პროგრამას კომპანიებთან - „დელოიტი“, „მენეჯმენტის აკადემია“ და „საქპატენტი“ - თანამშრომლობით ახორციელებს.

ბიზნესინკუბატორის სერვისები

ინკუბატორი Start-up-ებს შესთავაზებს შემდეგ სერვისებს: საერთო სამუშაო სივრცეში განთავსება, წვდომა ექსპერტებთან მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების, პერსონალის მართვის და სხვა დარგებში; ფინანსური, იურიდიული და ბუღალტრული მომსახურება; ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები; კონსულტაცია ონლაინპლატფორმებზე ტექნოლოგიური ინოვაციების გასატანად, მენტორშიპი ბიზნესის სტრატეგიულ განვითარებასა და გლობალური მარკეტინგის წარმოებაში, პროტოტიპის შექმნა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში (FabLab), საერთაშორისო კომპანიების შოურუმები და ფუნქციური სივრცეები სატესტო აპარატურით (Intel, HP, Autodesk, Samsung, Cisco, Epson), სატრენინგო ოთახები, საკონფერენციო სივრცე,  შეხვედრების ოთახები ვიდეოკონფერენციების აპარატურით, ბიბლიოთეკა ინოვატორებისათვის საინტერესო ლიტერატურით, რეზერვირებული მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, წვდომა ქლაუდ სერვისებთან.


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 აპრილი.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრებების საფუძველზე 18-29 აპრილს.

შერჩეული გუნდები ტექნოპარკში განთავსდებიან არაუგვიანეს 1-ლი მაისისა.


საინფორმაციო შეხვედრის დრო: 12 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები