ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სკოლამდელი განათლების შემაჯამებელი ფორუმი

ღონისძიებები

10 მარტს, 14.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (G106 - ე აუდიტორია, გ. წერეთლის 2) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი პროექტის ფარგლებში შემაჯამებელი ფორუმი გაიმართება, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე დაესწრება.

”ადგილობრივ დონეზე სკოლამდელი განათლების სექტორის განვითარების ხელშეწყობის პროექტს” განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით მეორე წელია ახორციელებს.

პროექტის მიზანია სკოლამდელი განათლების მართვის, ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაუმჯობესება, კერძოდ: ადგილობრივი თვითმმართველობების და სკოლამდელი დაწესებულებების წარმომადგენლების უზრუნველყოფა ახალი მეთოდოლოგიური რესურსებით; საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე საბავშვო ბაღის აღმზრდელთა ტრენინგ-ცენტრების დაარსების ხელშეწყობა; ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა ტრენინგი; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგთა პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბება; სკოლამდელი განათლების ალტერნატიული სერვისების შექმნის ხელშეწყობა და სხვ.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ექვსი უმაღლესი სასწავლებლის (თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სასწავლო უნივერსიტეტი, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ბაზაზე მოხდა შესაბამისი აკადემიური პერსონალის გადამზადება, შემუშავდა ახალი პროგრამები; საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გაიარეს ტრენინგები თემაზე: ,,სკოლამდელი განათლების განვითარება საქართველოში”, რომელზეც გაეცნენ სკოლამდელი განათლების სექტორში არსებულ ახალი მეთოდოლოგიურ მასალებს, რეგიონებში პედაგოგთა გადამზადების შესაძლებლობებს, ალტერნატიული სერვისების შესაძლო მოდელებს და ა.შ. რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე გადამზადდნენ ბაღის პედაგოგები; ზემოაღნიშნულ ექვსივე უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სკოლამდელი განათლების ახალ პროგრამებზე.
 
ფორუმზე წარმოდგენილი პრეზენტაციებით შეჯამდება პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები.
 
ფორუმს დაესწრებიან სხვადასხვა სამინისტროების, თბილისის მერიის, რეგიონალური მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ბანერები