ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ტრანსპლანტოლოგის, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის საჯარო ლექცია

ახალი ამბები

1-ლ მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში გიწვევთ სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ტრანსპლანტოლოგის, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის ლექციაზე „საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის განვითარების პერსპექტივა ცოცხალი და გვამური დონაციის გამოყენებით“, რომელზეც მომხსენებელი აუდიტორიას გააცნობს თავის ხედვასა და რეკომენდაციებს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

ქართველი ექიმების მხარდაჭერისა და გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად პროფესორ კვანგ ვუნგ ლის მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

პროფესორი ლი ყაზახეთის ჰეპატო-ტრანსპლანტაციის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი, მიანმარის რესპუბლიკის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და რამდენიმე მაღალრეიტინგული ქირურგიული ჟურნალის საგამომცემლო ბორდის წევრია.
ღონისძიების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სეულის უნივერსიტეტს, სეულის საუნივერსიტეტო კლინიკას და კლინიკა ინოვას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას სამედიცინო განათლების, კვლევის, პერსონალის გადამზადების, ერთობლივი კლინიკური, სასწავლო და სამეცნიერო ღონისძიებების მიმართულებით.


მომხსენებლის შესახებ
მედიცინის დოქტორს, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის დამთავრებული აქვს სეულის ეროვნული უნივერსიტეტი. მუშაობდა ღვიძლის ქირურგად და ტრანსპლანტოლოგად სამხრეთ კორეის სამსუნგის სამედიცინო და კიბოს ეროვნულ ცენტრებში. იყო ჯონს ჰოპკინსის საუნივერსიტეტო კლინიკის კონსულტანტი. ამჟამად სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლისა და საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორია. ასევე არის ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული ქირურგიის განყოფილების უფროსი, სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის ჯანდაცვის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და გლობალური დაგეგმვის და განვითარების ვიცე-პრეზიდენტი. მისი ძირითადი სამედიცინო მიმართულებაა ზოგადი ქირურგია და ტრანსპლანტოლოგია. პროფესორი ლი არის აღიარებული მსოფლიო ექსპერტი ღვიძლის ტრანსპლანტოლოგიაში. კარიერის მანძილზე ჩატარებული აქვს 1000-ზე მეტი ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, მათ შორის 150-ზე მეტი კორეის გარეთ. საქართველოში ქართველ კოლეგებთან ერთად პროფესორ ლის ჩატარებული აქვს 14 ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია - ყველა წარმატებული.
პროფესორის სამეცნიერო მოღვაწეობა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ჰეპატოციტების ტრანსპლანტაცია, გენების გადაცემა, კიბოს ღეროვანი უჯრედები, იმუნოსუპრესორული აგენტების კვლევა, სანაღვლე გზების იშემია, პოლიმორფიზმი და სხვ. მის მიერ შემუშავებულია მრავალი ინოვაციური ტექნიკა ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდგომი ბილიარული გართულებების შესამცირებლად.


სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 1-ლი მარტი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები