ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საზაფხულო სკოლა ”სამხრეთ კავკასია 2013”

უკვე მეხუთე წელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს საზაფხულო სკოლას  ”სამხრეთ კავკასია - კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა”. წელს აღნიშნული საზაფხულო სკოლა 6 სექტემბერს გაიხსნება და მასში მონაწილეობას მიიღებს 22 გერმანელი და 6 ქართველი სტუდენტი. საზაფხულო სკოლა  იმართება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით, პროგრამის ”GoEast” ფარგლებში.

საზაფხულო სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს კავკასიის როგორც ფენომენის გააზრებას ევროპულ აკადემიურ სივრცეში და ამით წვლილი შეიტანოს ევროპისა და კავკასიის ქვეყნების კულტურულსა და პოლიტიკურ ურთიერთდაახლოებაში.

ქართველი და გერმანელი სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში მოისმენენ  მოხსენებებსა და სემინარებს, რომლებსაც გაუძღვებიან დოქტორი უვე ჰალბახი (მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდი, ბერლინი) და დოქტორი ფლორიან მიულფრიდი (ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი, იენა).მონაწილეები შეხვდებიან სხვადასხვა დარგის ქართველ ექსპერტებს, ხელოვანებსა და პოლიტიკოსებს.

სემინარები და შეხვედრები ჩატარდება თბილისში. მონაწილეებისთვის დაგეგმილია ექსკურსიები მცხეთაში, უფლისციხეში, დავით-გარეჯში, სიღნაღსა და ყაზბეგში.
კურსის დასრულებისას  მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით (3 კრედიტი).

ბანერები