ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სახელმწიფო ენის 100 წლის იუბილე: ქართული ენის მომავალი ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის ეპოქაში

ღონისძიებები

14 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და მობილური და ვებაპლიკაციების ლაბორატორია „ჯეოლაბი“ გეპატიჟებათ დისკუსიაზე: „სახელმწიფო ენის 100 წლის იუბილე: ქართული ენის მომავალი ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის ეპოქაში“.

მომხსენებლები სხვადასხვა პერსპექტივიდან წარმოაჩენენ დისკუსიის მთავარ პრობლემას: რამდენად გააზრებული აქვს დღეს საზოგადოებას, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობა ქართულის, როგორც ჩვენი სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროს ოფიციალური ენის, მიმართ და რამდენად ენაცვლება ამ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას ქართული ენისადმი პატივისცემის ტრადიცია, რომელსაც 14 აპრილის ისტორიული მოვლენით ჩაეყარა საფუძველი.

სადისკუსიო პრობლემის პერსპექტივიდან მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე:

  • დამწერლობა, როგორც კომუნიკაციის სახე და ქართული დამწერლობა თანამედროვე ტექნოლოგიებში. ახალი ინიციატივები და პროექტები დამწერლობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის;
  • ქართული და საქართველოში დაცული უცხოენოვანი (ურარტული, არამეული, ებრაული, ბერძნული და ა.შ.) ტექსტური მემკვიდრეობა ციფრულ ეპოქაში;
  • როგორ ვითარდება მსოფლიო ბუნებრივი ენის მოდელირების თვალსაზრისით, ქართული ენის მოდელირება და მისი საჭიროება ტექნოლოგიურ ეპოქაში;
  • ქართულენოვანი რობოტები/ბოტები და მათი მნიშვნელობა საკომუნიკაციო სივრცეში;
  • ქართულენოვანი ციფრული საგანმანათლებლო რესურსები ხარისხიანი განათლების მისაღებად.

დისკუსიაში წარმოდგენილი იქნება საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფაქტები 1918 წლის ისტორიული მოვლენებიდან, კერძოდ, სკოლებისა და სასწავლებლების გაეროვნების დადგენილება, რომელიც 1918 წელს გამოქვეყნდა და რომლითაც კანონიერი არსებობა დაიწყო ქართულმა, როგორც სახელმწიფო ენამ.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: სანდრო ასათიანი, ნინო დობორჯგინიძე, გიორგი ვახტანგიშვილი, თამარ კალხიტაშვილი, ირინა ლობჟანიძე, აკაკი რაზმაძე, ზურა ჯიშკარიანი.

დრო: 14 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. ნ32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები