ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოში ბიოდიზელის პირველი საწარმოს გახსნა

ღონისძიებები

6 ივლისს, 12:00 საათზე, გაიმართება საქართველოში ბიოდიზელის პირველი საწარმოს გახსნის ცერემონია. კომპანია „ბიოდიზელი ჯორჯია“ ნავთობკომპანია „ფრეგოსთან“ ერთად იწყებს ბიოდიზელის წარმოებას და მის რეალიზაციას.

ღონისძიებას გახსნის შპს „ბიოდიზელ ჯორჯიას“ დირექტორი მურან პატარაია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განახლებადი ენერგიების დარგის წამყვანი მკვლევარი კახა ქარჩხაძე გააკეთებს პრეზენტაციას ბიოსაწვავის განვითარებაზე საქართველოში. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ავსტრიელი პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ბიოდიზელის სინთეზის ტექნოლოგიების ექსპერტი, მარტინ მითელბახი (Martin Mittelbach). გახსნას დაესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესსექტორის საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2015-2016 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით განხორციელდა აშშ საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი „ბიოსაწვავის განვითარება საქართველოში – პროექტი ეკობუსი“ (''Promotion of Biofuel in Georgia - Project EcoBus''). ამ პროექტის შედეგად პირველად საქართველოში სწორედ ილიაუნიში დაინერგა ინოვაციური ტექნოლოგია და დაიწყო ტერნატიული, განახლებადი და ეკო-მეგობრული საწვავი ბიოდიზელის დამზადება. ასევე პირველად საქართველოში უნივერსიტეტის მანქანებმა დაიწყეს მუშაობა არა ნავთობპროდუქტზე, არამედ ბიოსაწვავზე.

ილიაუნის პროექტმა ცხადად დაანახვა როგორც კერძო ბიზნესს, ისე სახელმწიფოს, რომ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს საკუთარი, ალტერნატიული, ეკო-მეგობრული საწვავი, შეამციროს იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულება, განახორციელოს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია, გააუმჯობესოს ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობა და მიაღწიოს ენერგოდამოუკიდებლობას.

2017 წლის აგვისტოში უნივერსიტეტს დაუკავშირდა საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ნავთობპროდუქტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია „ფრეგო“, რომელსაც ილიაუნის განახლებადი ენერგიების დარგის წამყვანმა მკვლევარმა, კახა ქარჩხაძემ სამეცნიერო კონსულტაციები გაუწია ბიოდიზელის წარმოების კომერციული მასშტაბებით წარმოებისათვის, რაც გულისხმობდა ბიოდიზელის საწარმოს აშენებას, ტექნოლოგიური ხაზის გამართვას და ბიოდიზელის კომერციული წარმოების დაწყებას საქართველოში.

უნივერსიტეტის და ბიზნესის თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა და ერთ წელიწადში დასრულდა პირველი ბიოდიზელის საწარმო.

საქართველოს დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისში, ატმოსფერული ჰაერი ძალიან დაბინძურებულია. კვლევების მიხედვით, ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის უდიდესი წილი მოდის ტრანსპორტზე, დიზელის საწვავზე. პრობლების გადაჭრის ერთ-ერთი საშუალებაა ალტერნატიული, განახლებადი, ეკო-მეგობრული, კარბონ-ნეიტრალური საწვავის, ბიოდიზელის გამოყენება, რომელსაც წარმატებით შეუძლია ჩაანაცვლოს ნავთობდიზელი მისი გამოყენების ნებისმიერ სფეროში. ამასთან შესანიშნავი საშუალებაა ურბანული გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ბიოდიზელის დამზადებისათვის საჭირო ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია მეორადი გამოყენების საკვები ზეთი, რაც ასევე შეამცირებს მეორადი ნარჩენის გამოყენების მავნე პრაქტიკას, სწორედ ამ ორი მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად ამოქმედდა ბიოდიზელის საწარმო.

დრო: 6 ივლისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: თბილისი, ქინძმარაულის ქ. N15

ბანერები