ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი: მიღწევები და დაუსრულებელი პროექტები - კონფერენცია და კრებულის პრეზენტაცია

ღონისძიებები

12 ივლისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ღონისძიებების - "ილიაუნი 10 წლისაა" - ფარგლებში გაიმართება კონფერენცია თემაზე: "საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი: მიღწევები და დაუსრულებელი პროექტები". კონფერენციის ფარგლებში, შედგება ამავე სახელწოდების კრებულის პრეზენტაცია. კრებულში, რომელიც გამოიცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კონრად ადენაუერის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, შესულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ოქსფორდის უნივერსიტეტის, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტისა და უპსალას უნივერსიტეტის პროფესორთა სტატიები. ავტორები მოხსენებების ფორმატში თავად გააცნობენ აუდიტორიას საკუთარი ნაშრომების ძირითად მიგნებებს.

დაახლოებით მეოთხედი საუკუნის წინ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დაიწყო სახელმწიფოს მშენებლობის რთული პროცესი. სასტარტო პოზიცია არახელსაყრელი იყო - სამოქალაქო ომების, პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების მოშლის პირობებში ბევრს არ სჯეროდა საქართველოს სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის. დღეს, ოცდახუთი წლის შემდეგ, საქართველო კვლავ დგას მრავალი გამოწვევის წინაშე. საბოლოო ჯამში, ბალანსი მაინც დადებითია: საქართველო დღეს არის შემდგარი სახელმწიფო საკმაოდ გამართული ინსტიტუტებით, აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით, ეკონომიკის ზრდითა და მჭიდრო საგარეო კავშირებით რიგ საერთაშორისო აქტორებთან, ევროკავშირისა და ნატოს ჩათვლით. როგორ იქნა მიღწეული პროგრესი და რა არის ჯერ კიდევ გასაკეთებელი? წინამდებარე გამოცემა ეძღვნება საქართველოს 25 წლის ისტორიას. იგი ეხება იმ ამოცანებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს წინაშე იდგა დასაწყისში და, ასევე, განვლილ გზას დღემდე. კრებულში შესული ექვსი თავის ავტორი მიმოიხილავს, თუ როგორ გაუმკლავდა საქართველო ერის, სახელმწიფოსა და დემოკრატიის შენებას, ასევე, როგორც განვითარდა სამოქალაქო საზოგადოება და ეკონომიკა ქვეყანაში, როგორ იპოვა თავისი როლი და ადგილი საქართველომ ცივი ომის შემდგომ ახალ საერთაშორისო სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ კრებული თავისი ფორმით ეფუძნება აკადემიურ კვლევას, იგი სასარგებლო საკითხავია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ თანდართულ ფაილში.

დრო: 12 ივლისი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები