


SAP-ის სწავლების პროექტის პრეზენტაცია ილიაუნიში
ღონისძიებები
30 ივნისს, 16.00 საათზე, 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება SAP University Alliances-ის პრეზენტაცია.
2011 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის SAP University Alliances-ის წევრი, რაც მას უფლებას აძლევს, სასწავლო პროგრამაში ჩართოს SAP-სისტემის სწავლება და გამოიყენოს იგი სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების მომზადებისას. SAP-სისტემის ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის შეიძინა უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული არაერთი პროექტის პარტნიორმა სს ბაზისბანკმა. ბაზისბანკის ფინანსურმა მხარდაჭერამ ასევე დიდი როლი ითამაშა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის SAP University Alliances-ში გაწევრიანებაში.
SAP-სისტემის სწავლება იგეგმება ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო სპეციალობის დამამთავრებელ კურსებზე. გარდა ამისა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრიდან ამოქმედდება ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, რომელშიც მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ SAP - სისტემის სწავლებასთან დაკავშირებული კურსებია.
ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს, მოამზადოს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას ამა თუ იმ კომერციულ ორგანიზაციაში, შეიმუშავებენ ბიზნეს-პროცესების ეფექტურობის აპრიორული შეფასების მექანიზმს და უზრუნველყოფენ მის ინტეგრაციას ორგანიზაციის საინფორმაციო სისტემაში. გარდა ამისა, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის მაგისტრს აქვს მყარი საფუძველი ბიზნესის ამა თუ იმ სფეროში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების სხვადასხვა პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის საწარმოებლად.