ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

"სამხრეთ კავკასიური ენების წარმოშობის დრო და ადგილი: რას გვაძლევს ცოდნა ადამიანთა ძველი საზოგადოებების, ეკოსისტემებისა და პოპულაციური გენეტიკის შესახებ?"

ღონისძიებები

20 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ალექსანდრე გავაშელიშვილის საჯარო ლექცია ქართველურ ენათა წარმოშობის დროისა და ადგილის შესახებ.

მომხსენებელი შეაჯამებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტში ინტერდისციპლინური მიმართულებით წლების განმავლობაში განხორციელებული კვლევების შედეგებს, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველურ ენათა ოჯახის ისტორიისთვის.

კვლევის შედეგები გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში: Scientific Reports (იხ. https://doi.org/10.1038/s41598-023-45500-w). კვლევა ეფუძნება ბაიესური ფილოგენეტიკის (Bayesian phylogenetics) მეთოდოლოგიურ ჩარჩოს და ცდილობს ქართველურ ენათა წარმოშობის ადგილი დაადგინოს:

ა. იმ ცხოველებისა და მცენარეების (შესაბამისად, მათი გავრცელების არეალის) მიხედვით, რომელთა სახელები აღდგება წინარე ქართველურ ძირებამდე;

ბ. წარსული კულტურების გავრცელების ადგილებით;

გ. წარსულ და არსებულ ადამიანთა პოპულაციების გენეტიკური ვარიაციებით.

კვლევის შედეგები თანხვდება ამ პრობლემატიკის აქამდელი კვლევის ფართოდ გაზიარებულ ტოპოლოგიას, თუმცა, გვთავაზობს უფრო ადრეულ საშუალო გაყოფის თარიღებს; კერძოდ, სვანური და ქართო-ზანურის დაშორება უნდა მომხდარიყო ადრეული სპილენძის ხანაში, ხოლო ქართულისა და ზანურის - ადრეული რკინის ხანაში.

კვლევის მიხედვით ქართველურ ენათა სამშობლოდ მიიჩნევა ადგილი, რომელიც მოიცავს კოლხურ მყინვარულ რეფუგიუმს.მათი დაყოფა დაკავშირებულია როგორც ტექნოლოგიების გავრცელების სიჩქარესთან სხვადასხვა ლანდშაფტში, ისე სახელმწიფოს მიერ მართული თემების გაჩენასთან.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 20 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

ლექციაზე დასწრებას შეძლებთ ზუმის ბმულის საშუალებით https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81282489645


2023 წელი

ბანერები