ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“ ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017

ღონისძიებები

15 დეკემბერს,18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“ ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ონიანი წაიკითხავს მოხსენებას „აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლისას მეხსიერების კვალის შენარჩუნება ვირთაგვებში“.

ნეირომეცნიერებების ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა დასწავლისა და მეხსიერების კვალის კონსოლიდაციის მექანიზმების დადგენაა. ამ თვალსაზრისით ინტერესს იწვევს ე.წ. „კამინის ეფექტი“, რომელიც აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლისას მეხსიერების კვალის შენარჩუნების დინამიკას ასახავს.სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მრავალი მოსაზრების მიუხედავად კამინის ეფექტის ბუნება საბოლოოდ დადგენილი არ არის. ჩვენს საკვლევ პრობლემას წარმოადგენდა ვირთაგვებში კამინის ეფექტის მახასიათებლების შესწავლა, რისთვისაც გამოიყენებოდა აქტიურიგანრიდების ტესტი. კვლევამ აჩვენა, რომ

1. კამინის ეფექტი დამოკიდებულია როგორც სეანსებს შორის ინტერვალთა ხანგრძლივობაზე, ასევე საცდელი ობიექტისათვის წარდგენილ სინჯთა რაოდენობაზე.

2. კამინის ეფექტის ხანგრძლივობა მცირდება სინჯთა რაოდენობის ზრდასთან ერთად.

3. ძილის ტოტალური დეპრივაცია იწვევს კამინის ეფექტის ნიველირებას. მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე სავარაუდოა, რომ კამინის ეფექტი, შესაძლოა, ასახავდეს მეხსიერების კონსოლიდაციის პროცესის ქცევით გამოვლინებას.

დრო: 15 დეკემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები