ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კაფე: „სამყაროს განჯადოების“ ლიტერატურული მოდელი“

ღონისძიებები

25 აპრილს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ფირცხალავა წაიკითხავს საჯარო ლექციას „სამყაროს განჯადოების“ ლიტერატურული მოდელი (ნოვალისიდან მაქს ფრიშამდე)“.

თემის მოკლე აღწერა

ევროპული განმანათლებლობის ძირეული პროგრამის გენერალური ხაზის არსს „სამყაროს განჯადოება“ წარმოადგენს, რაც, პირველ რიგში, მითოსის მოკვდინება/მოსპობაში მდგომარეობს. ეს კი იმთავითვე გულისხმობს გონიერების სახელითა და რაციონალური აზროვნების მეშვეობით პროგრესის შემაფერხებელი ყველა დაბრკოლების განადგურებას. ამ ტენდენციამ მოიტანა ზუსტი მეცნიერებებისა და საბუნებისმეტყველო დარგებისადმი მანამდე არნახული, განსაკუთრებული ინტერესი, ასევე მათემატიკის, რიცხვის აბსოლუტური კულტი. სწორედ ამ გადასახედიდან ხდებოდა კულტურის ისტორიის გადაფასება. გადამწყვეტ მომენტად კი რჩებოდა მითოსის დანგრევა. ძალიან საინტერესოა, თუ როგორ პასუხობს ამ გამოწვევას ხელოვნება და, პირველ რიგში, ლიტერატურა. ამიტომაც სასურველი იქნებოდა, ამ პროცესის წარმოდგენა სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურული ტექსტების მაგალითზე, ვინაიდან განსხვავებულ ეპოქას პასუხის განსხვავებული ფორმა და სტილი მოაქვს:
ნოვალისის „სუმბული და ვარდკოკორი“ და ე. თ. ა. ჰოფმანის „პატარა ცახესი“ იმის ნიმუშია, როგორ პასუხობს ადრეული თუ გვიანი რომანტიზმი ლიტერატურული ზღაპრის მეშვეობით ამ გამოწვევას. მოგვიანებით, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ჰოფმანსტალის „წერილი“ ენობრივი სკეფსის კონტექსტში ცდილობს მოუძებნოს ახსნა განმანათლებლური რაციონალიზმის რადიკალიზმს. მაქს ფრიშისეული „Homo Faber“-ი კი პოსტმოდერნის ეპოქის ადამიანის პოზიციიდან რეაგირებს მკაცრი რაციონალიზმის მიერ მითოსის განადგურების მცდელობაზე.
განსახილველი ლიტერატურული ტექსტების შემთხვევაში, ალბათ, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება იმის თქმა, რომ აქ მითოსის ჯადოს აყრასა და განადგურებაზე ან თუნდაც მისი გრძნეულების შებოჭვაზე საუბარი თითქმის შეუძლებელია. საქმე ის არის, რომ აქ მითოსისადმი განმანათლებლობის ლამის უკიდურესობამდე მისულ შიშს თავად ხელოვნება პასუხობს მისივე ენით და ქმნის სამყაროს საკუთარ წარმოსახვით კულტურულ მოდელს, რომელსაც ის რაციონალიზმის დიქტატურას უპირისპირებს. სწორედ ამაში მდგომარეობს ხელოვნების მეშვეობით გადააზრებული და წარმოსახული მითოსისა და განმანათლებლობის წინააღმდეგობრივი ურთიერთმიმართება.

მომხსენებლის შესახებ

ნინო ფირცხალავა 1976-1980 წლებში სწავლობდა ფრიდრიხ შილერის იენის უნივერსიტეტში.
1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „ანტიკურობის რეცეფციის პრობლემა თანამედროვე ევროპულ დრამატურგიაში“, 1994 წელს – სადოქტორო დისერტაცია: „სამყაროსა და კულტურის მოდელი თომას მანის შემოქმედებაში მისი კუტურფილოსოფიური იდეების შუქზე“.
2010 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორია.
2006-2010 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; 2005-2006 წლებში – ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1986-2006 წლებში – თსუ ისტორიის ფაკულტეტის კულტურის ისტორიის კათედრის პროფესორი.
1994-1998 წლებში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ავსტრიის საელჩოს კულტურის ინსტიტუტის გერმანულენოვანი ლიტერატურის პედაგოგად მუშაობდა.
1996-1998 წლებში იყო თეირანის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტთა ჯგუფის
სამეცნიერო ხელმძღვანელი.

დრო: 25 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები