ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კაფე: „როგორ შევიმეცნებთ სამყაროს: მითი და რეალობა“

ღონისძიებები

7 მარტს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ შევიმეცნებთ სამყაროს: მითი და რეალობა“.

თემის მოკლე აღწერა

საიდან აითვლება სამყაროს დასაწყისი? უსასრულოა სამყარო თუ სასრული? უსაზღვროა სამყარო თუ შემოსაზღვრული? რა ვიცით სამყაროს დასასრულზე? – ამ კითხვებზე პასუხის გაცემას კაცობრიობა ცივილიზაციის გარიჟრაჟიდან ცდილობს და დღესაც არაერთი ამოუხსნელი გამოცანის წინაშე დგას. მომხსენებელი ისაუბრებს, რა მეთოდებით შეისწავლიან დღეს სამყაროს და რა მიღწევები გვაქვს – იქნება ეს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურისა თუ მიკროტალღოვანი ფონის ზეზუსტი დაკვირვებები.
სამი წლის წინ ასტრონომიაში ახალი ერა დაიწყო, კერძოდ, დეტექტირებული იყო გრავიტაციული ტალღები. როცა ადრეული (პირველადი) გრავიტაციული ტალღების დამზერა მოხდება, მეცნიერები შეძლებენ არათუ ადრეული, არამედ ახლად შობილი სამყაროს სურათის აღდგენას.

მომხსენებლის შესახებ

თინათინ კახნიაშვილმა წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით. სადიპლომო ნაშრომი „გრავიტაციული არამდგრადობის ყალიბრულად ინვარიანტული თეორია“ ვლადიმერ ლუკაშის ხელმძღვანელობით დაიცვა კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში (მოსკოვი, რუსეთი); 1984 წელს სწავლა განაგრძო კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში. 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „გრავიტაციული არამდგრადობის განვითარება ადრეულ სამყაროში“.
1988 წლიდან მუშაობს ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში.
1999 წელს ლებედევის სახ. ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილებაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „რელიქტური ფონის ფორმირება და სამყაროს მსხვილმასშტაბოვანი სტრუქტურა“ და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2002 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოზე და მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
მუშაობდა მეცნიერ-მკვლევრად საერთაშორისო ცენტრებში (ICTP & SISSA, Italy, CCPP, NYU) და მოწვეულ პროფესორად აშშ-ის, კანადისა და ევროპის უნივერსიტეტებში (Rutgers, Kansas State University, Carnegie Mellon University, Geneva University, Laurentian University).
2008 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ ასოცირებულ პროფესორად, 2011 წლიდან კი – პროფესორად.

დრო: 7 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

ბანერები