ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კაფე: „რა არის მსოფლიო ლიტერატურა?“

ღონისძიებები

4 აპრილს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ ანდრონიკაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „რა არის მსოფლიო ლიტერატურა?“ 

მსოფლიო ლიტერატურა მართალია გავრცელებული ცნებაა, მაგრამ მეცნიერები ვერ შეთანხმდნენ მისი მნიშვნელობის შესახებ. მართლაც, რა არის მსოფლიო ლიტერატურა? – მსოფლიოში არსებული ყველა ტექსტის ერთობლიობა? გამორჩეული ტექსტები, რომელთაც მთელი მსოფლიო კითხულობს? ტექსტები, რომლებიც ითარგმნება სხვა ენებზე? არსებობდა თუ არა მსოფლიო ლიტერატურა ყოველთვის, თუ ის გარკვეულ ისტორიულ პერიოდში გაჩნდა (როგორც ეგონა, მაგ., კარლ მარსს), თუ ის მომავლის საქმეა (როგორც ეგონა, მაგ., გოეთეს?)? რა კავშირშია მსოფლიო ლიტერატურა ეროვნულ ლიტერატურასთან? არის თუ არა ის ეროვნული ლიტერატურების ერთობლიობა თუ ეროვნულ ლიტერატურასთან არაფერი საერთო არ აქვს? – მოხსენებელი შეეცდება პასუხი გასცეს ამ და სხვა შეკითხვებს მსოფლიო ლიტერატურის შესახებ.


მომხსენებლის შესახებ

ზაალ ანდრონიკაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ლაიბნიცის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელია.
სწავლობდა თბილისის, ზაარბრიუკენისა და გიოტინგენის უნივერსიტეტებში. გიოტინგენში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „დრამის ტექსტის შექმნა. სიუჟეტის თეორიისათვის".
მისი კვლევის საგნებია: ლიტერატურისა და კულტურის თეორია; პოლიტიკური თეოლოგია, სივრცის კულტურული სემანტიკა, მსოფლიო ლიტერატურა/ მცირე ლიტერატურები. უახლესი პუბლიკაციები: „ბრძოლები კულტურული ჰეგემონიისათვის. საქართველოს კულტურული სემანტიკა" (მონოგრაფია ემზარ ჯგერენაიასა და ფრანცისკა ტუნ-ჰოენშტაინთან ერთად), ბერლინი, 2018; მერაბ მამარდაშვილი, „არტოს მეტაფიზიკა“ (რედაქტორი, ბერლინი 2018), ჟურნალ „ოსტოიროპას" სპეციალური გამოშვება „საქართველო – საოცნებო ქვეყანა" (თანარედაქტორი, ბერლინი 2018).

დრო: 4 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები