ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კაფე: „პლანეტებისა და მათი ატმოსფეროების მრავალფეროვნება“

ღონისძიებები

30 მაისს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მაია თოდუა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „პლანეტებისა და მათი ატმოსფეროების მრავალფეროვნება“.

თემის მოკლე აღწერა

დედამიწის ატმოსფერო სიცოცხლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. რომ არა ატმოსფერო, დედამიწაზე სიცოცხლე არ იქნებოდა. თუმცა მხოლოდ ატმოსფეროს არსებობა საკმარისი პირობა არ არის სიცოცხლის არსებობისათვის. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ნივთიერებისგან შედგება ის, როგორია მისი სტრუქტურა, რამდენად სტაბილურია. მზის სისტემის თითქმის ყველა პლანეტას აქვს ატმოსფერო, როგორც პლანეტებს, ასევე მათ ატმოსფეროებს შორის არის მსგავსებები და განსხვავებები. ისინი სხვადასხვა შემადგენლობის, სიმკვრივის, სტრუქტურისაა. ატმოსფეროები შეიძლება ჰქონდეს პლანეტების თანამგზავრებსაც. 1990-იან წლებში აღმოაჩინეს პირველი პლანეტა მზის სისტემის გარეთ – ეგზოპლანეტა. დღეს უკვე რამდენიმე ათასი ასეთი ციური სხეულია აღმოჩენილი. რამდენიმე წლის წინ კი დაიწყო მათი ატმოსფეროების შესწავლაც, რამაც ასევე აჩვენა, როგორც მსგავსება, ისე დიდი მრავალფეროვნება. მომხსენებელი ისაუბრებს დედამიწის ატმოსფეროს, მზის სისტემის სხვა პლანეტებისა და მათი თანამგზავრების, ასევე ეგზოპლანეტების ატმოსფეროების შესახებ და შეადარებს მათ. ასევე წარმოადგენს, როგორ და რა საშუალებებით სწავლობენ მეცნიერები პლანეტებსა და მათ ატმოსფეროებს.

მომხსენებლის შესახებ

მაია თოდუა, ასტრონომი და ატმოსფეროს ფიზიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო (სსრკ) და რატგერსის უნივერსიტეტები (აშშ). სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1989 წელს მუშაობა დაიწყო აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. 2011 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორია, ხოლო 2015 წლიდან – ილიაუნის ასოცირებული პროფესორი. კარიერის დასაწყისში მუშაობდა ასტრონომიის მიმართულებით, სწავლობდა ჯერად ვარსკვლავთ სისტემებს. 2004 წლიდან მუშაობს დედამიწის ატმოსფეროს ფიზიკის მიმართულებით. მეცნიერის კვლევების სფერო ძირითადად მოიცავს დედამიწის ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებს, მათზე ახლო კოსმოსის გავლენას, კოსმოსური სხივების გავლენას ღრუბლიანობაზე, აეროზოლების განაწილებასა და დინამიკას ატმოსფეროში. სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს წერდა ჟურნალ „ტაბულაში", ინტერნეტ-გამოცემებში. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის რეგიონული ოფისის ბორდის წევრია.

დრო: 30 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები