ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კაფე: „ეთნობიოლოგია: კვლევები საქართველოსა და მეგამრავალფეროვნების ქვეყნებში“

ღონისძიებები

11 აპრილს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში პროფესორი ზაზა (ზაალ) კიკვიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „ეთნობიოლოგია: კვლევები საქართველოსა და მეგამრავალფეროვნების ქვეყნებში“.

თემის მოკლე აღწერა

ეთნობიოლოგია, შეიძლება ითქვას, ახლა ყალიბდება, როგორც დამოუკიდებელი მიმართულება. მისი სამი მთავარი შემადგენელი ნაწილია ეთნობოტანიკა, ეთნოზოოლოგია და ეთნოეკოლოგია. წინსართი „ეთნო“ ამ შემთხვევაში მიუთითებს, რომ კვლევები უპირატესად ეთნოგრაფიული მეთოდებით სრულდება, თუმცა მათემატიკური, სტატისტიკური, ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებაც ხშირად ხდება საჭირო.
ეთნობიოლოგია ეფუძნება ახლებურ მიდგომებს ადამიანსა და ბუნებას შორის არსებულ ურთიერთობათა მიმართ: კერძოდ, ესაა დებულება, რომ ადამიანისა და ბუნების გაყოფა არ შეიძლება, არამედ ბუნებრივი ეკოსისტემები და მათში მცხოვრებ ადამიანთა საზოგადოება უნდა შეისწავლებოდეს ერთად, როგორც ერთი მთლიანობა.
ამავე დროს, ეთნობიოლოგია აღიარებს ბუნებისა და მისი ბინადარი ცოცხალი არსებების წარუვალ კულტურულ მნიშვნელობას და ესაა კიდეც ეთნობიოლოგიის მთავარი მიზანი: შეისწავლოს მცენარეების, ცხოველების და ეკოსისტემების როლი ჩვენს ყოფასა და კულტურაში. ეს შესაძლებელი ხდება კიდევ ერთი ახალი ცნების საფუძველზე, რომელსაც „ტრადიციული ეკოლოგიური ცოდნა“ ეწოდება.
ეთნობიოლოგიას კარგად გამოკვეთილი გამოყენებითი პოტენციალი აქვს, რომელსაც ვხედავთ მდგრად ტურიზმში, კატასტროფების მენეჯმენტში, ორგანულ ფერმერობაში და სხვ. საქართველოში ეთნობიოლოგიური კვლევების ძლიერი ტრადიციები ყალიბდება, რასაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მაღალი ბიოლოგიური და კულტურული მრავალფეროვნება. ასევე პერსპექტიულია კვლევები დედამიწის სხვა რეგიონებში, რომლებიც განსაკუთრებული ბიოლოგიური და კულტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ასეთია, მაგალითად, მალაის არქიპელაგი.

მომხსენებლის შესახებ

ზაზა კიკვიძემ 1978 წელს დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკულტეტი.
1978-1986 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, 1987-1998 წწ. – საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში; 1998-2003 წლებში – ჩიბას უნივერსიტეტის ბიოლოგიის გაყოფილებაში (იაპონია);
2003-2007 წლებში მუშაობდა ესპანეთის სამეცნიერო საბჭოს კვლევითი ინსტიტუტში;
2007-2012 წწ. კი – ტოკიოს უნივერსიტეტის გარემოს შესწავლის ინსტიტუტში;
2012 წლიდან მუშაობს ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტში;
2016 წლიდან – ილიაუნის სოციო-ეკოლოგიისა და ეთნობიოლოგიის ინსტიტუტში.
1993 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ბოტანიკის ინსტიტუტში.

დრო: 11 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

 

 

ბანერები