ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კაფე: „ანტიკური მითოსი და თანამედროვე ადამიანი“

ღონისძიებები

13 ივნისს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ანტიკური მითოსი და თანამედროვე ადამიანი“.

თემის მოკლე აღწერა

ანტიკური მითოსი დღემდე პირდაპირ და არაპირდაპირ უზარმაზარ გავლენას ახდენს ადამიანზე. პირდაპირ გავლენაში იგულისხმება ანტიკური მითების დღევანდელი სიცოცხლე. ხაზი გაესმება იმ ფაქტს, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა გაცილებით უკეთ იციან ანტიკური მითოსის სამყარო, ვიდრე საკუთრივ ქართული მითოლოგია. მომხსნებელი ცალკე განიხილავს ქართულ კვალს ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. გააანალიზებს ქართულ სამყაროსთან დაკავშირებულ ისეთ მითოსურ ფიგურებს, როგორებიცაა მედეა, აიეტი, აფსირტოსი, პასიფაე, კირკე, არიადნე, ფედრა, მინოტავრი.

მოხსენებაში განხილული იქნება: ა) ბედისწერის ქალღმერთების, მოირების (კლოთო, ლაქესისი და ატროპოსი) მითოსის გავლენა თანამედროვე ადამიანის მიერ საკუთარი ბედის გაგებასა და კონსტრუირებაზე; ბ) ოდისევსის, როგორც უნივერსალური მითოსური ფიგურის, გავლენა თანამედროვე ადამიანის გაზრდილ მობილობაზე; გ) ოიდიპოსის მითის ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე, მათ შორის, ფროიდის ინტერპრეტაციაზე; დ) მითოსის უნივერსალურ ფორმულაზე, რომელიც კლოდ ლევი-სტროსმა შეიმუშავა.
ანტიკური მითების არაპირდაპირ გავლენაში იგულისხმება მითოსური სახეების, მითოსური დისკურსისა და მითოსური იერარქიის გაძლიერებული პენეტრაცია თანამედროვე აზროვნებაში ხელოვნების ძეგლების, განსაკუთრებით, მხატვრული ლიტერატურის დიდი შედევრების მეშვეობით. ყურადღება მიექცევა ბორხესისეული ოთხი სიუჟეტის ანტიკურ მითოსურ წარმომავლობასა და პოსტმოდერნისტული მხატვრული პრაქტიკის ანტიკურ მითოსურ საფუძვლებს. განხილული იქნება ჯეიმზ ჯოისის, უილიამ ფოლკნერის, ალბერ კამიუს, ჟან-პოლ სარტრისა და სხვა მწერლების ნაწარმოებები. განსაკუთრებით გაესმება ხაზი მითოსის მნიშვნელობის ზრდას ოცდამეერთე საუკუნეში და აშკარა ახალ კავშირს, ერთი მხრივ, თანამედროვე დემოკრატიის მრავალპარტიულობასა და პლურალიზმსა და, მეორე მხრივ, ანტიკური სამყაროს პოლითეიზმსა და მორალის რელატივიზმს შორის. ცალკე იქნება განხილული რამდენიმე თანამედროვე მწერლის მცდელობა, ხელახლა შექმნას მითოსი და ამოავსოს ის უფსკრული, რომელიც ანტიკურობასა და თანამედროვეობას შორის არსებობს (ჯულიან ბარნსი, ჯონ-მაქსველ კუტზეე).

მომხსენებლის შესახებ

ლევან ბერძენიშვილმა 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება. 1978-1984 და 1987-1993 წლებში მუშაობდა თბილისისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 1978 წელს მონაწილეობა მიიღო იატაკქვეშეთში რესპუბლიკური პარტიის ჩამოყალიბებაში. 1984-87 წლებში მოიხადა სასჯელი მორდოვეთის პოლიტიკურ ბანაკში. 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია არისტოფანეს შემოქმედებაზე. 1994-1997 წლებში მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში. 1998-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. 2004-2008 და 2012-2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. მუშაობდა მოწვეულ პროფესორად რამდენიმე უნივერსიტეტში. 2015 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის პროფესორია.


დრო: 13 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

ბანერები