ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა პროექტის „ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტური დებატებისთვის“ შესახებ

ღონისძიებები

9 მარტს, პარასკევს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი A101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პროექტის – „ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტური დებატებისთვის“ – შესახებ.

ინსტიტიუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის პროექტის – „მმართველობა განვითარებისათვის“ – (G4G) მხარდაჭერით გიწვევთ პროექტში ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტიანი დებატებისთვის – მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის მიზანია ტრენინგების, მასტერკლასების, ქოუჩინსესიების, სასწავლო ვიზიტების, მაღალი რანგის საჯარო მოხელეებთან, ბიზნესკომპანიების მმართველ პირებთან, წარმატებულ ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების საშუალებით ახალგაზრდების განვითარება ეფექტური დებატებისათვის.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის, ასევე მაგისტრატურის საფეხურის ნებისმიერი მიმართულების სტუდენტებს.

შეირჩევა 50 საუკეთესო მონაწილე, რომელთაც პროექტის რეზიდენტის სტატუსი მიენიჭებათ.

შერჩევაში მონაწილებას მიიღებენ:

  • პროექტის განმახორციელებელი გუნდი;
  • ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტები;
  • ფსიქოლოგები;
  • USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ – (G4G) წარმომადგენლები.

შერჩეული სტუდენტები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს და გახდებიან პრეზიდენტის სასახლეში გამართული სპეციალური მიღების საღამოს მონაწილეები და საპატიო საპრეზიდენტო სტუმრები.

სტუდენტები მაღალკვალიფიციურ ტრენერებსა და ქოუჩებთან გაივლიან ტრენინგების ინტენსიურ ციკლს ეფექტური დებატების ჩასატარებლად.

ტრენინგები ჩატარდება შემდეგ თემებზე:

  • დებატების ტექნიკები:
  • მოლაპარაკებების წარმოება;
  • ბიზნესკომუნიკაცია;
  • პრეზენტაციის უნარები;
  • საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევები;
  • დროის მართვა და სხვა.

ტრენინგების დასრულების შემდეგ გაიმართება შუალედური დებატები, რომლებიც გამოავლენს 25 საუკეთესო მოდებატე სტუდენტს. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ დებატებში.

ფინალური დებატებისთვის შერჩეულ მონაწილეს საშუალება ექნება, მონაწილეობა მიიღოს პროექტის მნიშვნელოვან აქტივობებში, როგორებიც არის: სასწავლო ვიზიტები და სამუშაო შეხვედრები მაღალი რანგის საჯარო მოხელებთან, კერძო სექტორში არსებული ბიზნესკომპანიების მმართველ პირებსა და სამოქალაქო/საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ცნობილ ადამიანებთან.

გუნდები იმუშავებენ მენტორებსა და სპეციალურად მოწვეულ ქოუჩებთან, სახელმწიფო, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენლებთან;

ფინალური დებატების შედეგად გამოვლინდება საუკეთესო გუნდი და 3 საუკეთესო მოდებატე, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.

პროექტში მონაწილეობა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს:

  • მოიპოვონ აღიარება და გახდნენ ცნობილები დამსაქმებლებისათვის;
  • ფინალურ დებატებში მონაწილეობის შედგომ იმუშაონ ინდივიდუალურ კარიერულ მრჩევლებსა და დარგის ექსპერტებთან.
  • მიიღონ მომავალი წარმატებული კარიერის გზამკვლევი –  კარიერული და პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სტრატეგიები, რომლებიც მათ პიროვნულ და პროფესიულ შესაძლებლობებზე დაყრდნობით შემუშავდება მათივე მონაწილეობით.

პროექტი დასრულდება 2018 წლის 31 აგვისტოს.

დრო: 9 მარტი, პარასკევი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/92NWweRHywFx4tpT2

ბანერები