ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება: შედეგები და გამკლავება. რუსეთ-საქართველოს ომის მე-10 წლისთავი“

ღონისძიებები

25 და 26 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება: შედეგები და გამკლავება. რუსეთ-საქართველოს ომის მე-10 წლისთავი“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT, საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ (თბილისი, კავშირი „საფარი“).

კონფერენციაში ქართველ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ჰოლანდიელი ფსიქოტრავმატოლოგები: ბორის დროზდეკი და ერიკ ვერმეტენი, ასევე ლიბანელი ფსიქოლოგი სანა ჰამზა.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ორი ვორკშოპი ომით დაზარალებული ადამიანების ფსიქოტრავმატოლოგიური დახმარების მეთოდებზე, ორი მულტიდისციპლინური პანელი ფსიქოლოგების, მედიაპროფესიონალებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების მონაწილეობით და წარმოდგენილი იქნება სამი საკვანძო მოხსენება.

მონაწილეები იმსჯელებენ რუსეთ-საქართველოს ომის ფსიქოსოციალურ შედეგებზე და მათთან გამკლავების პროფესიულ მიდგომებსა და მეთოდებზე.

კონფერენციაში მონაწილეობა საინტერესო იქნება ფსიქოლოგებისთვის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების წარმომადგენლებისთვის, მედიაპროფესიონალებისთვის, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

მომხსენებლები

ნინო მახაშვილი – ფსიქიატრი. მას აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის წოდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. წლების მანძილზე ინტენსიურად იყო ჩართული სოციალური ფსიქიატრიისა და ფსიქოტრავმატოლოგიის სფეროში და მუშაობდა ისეთ ჯგუფებთან, როგორებიცაა: ადამიანები ფსიქიკური ჯანრთელობის აშლილობებით, დევნილები და ლტოლვილები, პატიმრები, ასევე – წამებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი. ბოლო ათწლეულია იგი ფონდ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ გუნდთან ერთად ცდილობს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის რეფორმების ხელშეწყობას.

ნინო მახაშვილი ხელმძღვანელობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრს. ამავე უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლექტორია; არის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

ჯანა (დარეჯან) ჯავახიშვილი – კლინიკური ფსიქოლოგი. 2013 წლიდან იგი ხელმძღვანელობს ადიქციის კვლევების ინსტიტუტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, არის ამავე უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამების თანაავტორი და ასოცირებული პროფესორი; ორი პროფესიული საზოგადოების – საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციისა და საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების – თანადამფუძნებელია. არის საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების პრეზიდენტი, აგრეთვე ევროპის ტრავმული სტრესის კვლევის საზოგადოების დირექტორთა საბჭოს წევრი და ამავე საბჭოს სწავლული მდივანი. მისი კვლევითი ინტერესები ეხება საქართველოს ნარკოვითარების სხვადასხვა ასპექტის ანალიზს, ძალადობრივი პოლიტიკური რეჟიმების შედეგად მიყენებული ინდივიდუალური, ოჯახური და სოციეტალური ტრავმის კვლევასა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესწავლას.

ბორის დროზდეკი – (MD, PhD) პროფესიით ფსიქიატრი, ამჟამად მუშაობს Psychiater/psychotherapeut/manager zorg bij PsyQ/Parnassia groep; 1993-2016 წლებში იყო ნიდერლანდების ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოტრავმის ცენტრის სამედიცინო დირექტორი (Psychotrauma Centrum Zuid Nederland/Reinier van Arkel in Den Bosch, The Netherlands). რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ფსიქოტრავმატოლოგიის და ტრანსკულტურალური ფსიქიატრიის თემებზე, ატარებს ლექციებსა და ვორკშოპებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჯონ ვილსონთან ერთად რედაქტორია ორი საყოველთაოდ აღიარებული წიგნისა: „დამსხვრეული სულები – ტრავმირებული ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების წამებისა და ომის მსხვერპლთა მკურნალობა“ (Broken Spirits: Treatment of traumatized asylum seekers and refugees - war and torture victims. Brunner-Routledge, 2004) და „ტრავმის ხმები – მსხვერპლთა მკურნალობა სხვადასხვა კულტურაში“ (Voices of Trauma: Treating Survivors Across Cultures. Springer, 2007). ბორის დროზდეკი ამავე დროს არის ფსიქოტრავმატოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის დირექტორი (დუბროვნიკი), ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო კომიტეტის წევრი (International Society for Health and Human Rights), ნიდერლანდური ფსიქოტრავმის საზოგადოების გამგეობის ყოფილი წევრი; ასევე ევროპული ფსიქოტრავმის საზოგადოებისა და ამერიკელ ფსიქიატრთა ასოციაციის წევრი.

ერიკ ვერმეტენი – (MD, PhD) ფსიქიატრი, ექიმი-თერაპევტი ტრავმისა და ნეირომეცნიერების სპეციალიზაციით. აქტიურად მუშაობს პოსტტრავმული სინდრომის მქონე ადამიანებთან, განსაკუთრებით, სამხედრო ვეტერანებთან. ბოლო 10 წელია ვერმეტენი სამხედრო მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის განყოფილებას და Military Mental Health Research Unit and Guest Staff of the University Medical Center-ს ხელმძღვანელობს ჰოლანდიაში. ამავდროულად შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკია. არის რამდენიმე საერთაშორისო პროფესიული გაერთიანების წევრი ბიოლოგიური და კლინიკური ფსიქიატრიისა და ნეირომეცნიერების მიმართულებით. ასევე არაერთი პროფესიული ჟურნალის სარედაქციო ბორდის წევრი. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი ნაშრომი და უმუშავია 30-ზე მეტ წიგნზე. მონაწილეობდა NATO-ს პანელებში როგორც წევრის, ისე თავმჯდომარის სტატუსით. ამჟამად დაინტერესებულია ტრავმასთან დაკავშირებული აშლილობების ბიომარკერებით იდენტიფიკაციითა და პერსონალიზებული მედიცინის დახმარებით თერაპევტული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით. ლექციებს კითხულობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.

სანა ჰამზა – კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი. 1986 წელს მან კოლეგებთან ერთად დააფუძნა ძალადობისა და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „რესტარტი“ (RESTART Center for Rehabilitation of Victims of Violence and Torture), სადაც რეაბილიტაციის მიმართულებას ხელმძღვანელობს. 2000 წელს დააფუძნა ბავშვთა და მოზარდთა ფისქიატრიისა და მოკავშირე პროფესიონალების აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ასოციაცია Eastern Mediterranean Association of Child and Adolescent Psychiatry and Allied Professions (EMACAPAP).

რესტარტცენტრი მთელი ლიბანის მასშტაბით ახორციელებს ფსიქოსოციალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამებს ომის ძალადობის და წამების მსხვერპლთთვის. ასევე ლტოლვილებისთვის სირიიდან, ერაყიდან, პალესტინიდან და ა.შ.

სანა ჰამზა ამჟამად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს (IRCT) ვიცეპრეზიდენტია.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი).

დრო: 25 და 26 აპრილი, 11:00-17:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები