ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო კონფერენცია - „Patterns of Migration – Present and Past “

ღონისძიებები

2023 წლის 16-20 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - „Patterns of Migration – Present and Past“, რომელიც ასევე მოიცავდა სხვადასხვა ვორქშოფებსა და კულტურულ აქტივობებს 2023 წლის 16-25 სექტემბერს. აღნიშნული კონფერენცია იყო კვლევითი პროექტის ნაწილი "გერმანელების გლობალური ურთიერთობები საქართველოში (1817-1941)" ("Global Entanglements of the Germans in Georgia (1817-1941)"), რომელიც დაფინანსებულია BKM-ის (Die Beauftragte der Bundesregierung für Kultur und Medien) და ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ზიგენის უნივერსიტეტის (ზიგენი, გერმანია) მიერ.

კონფერენციის მიზანი იყო მიგრაციის პროცესების ანალიზი აწმყოსა და წარსულში, თანამედროვე მიდგომების წარმოჩენა საარქივო წყაროების კვლევაში და ციფრული კვლევითი საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტების ჩვენება. კონფერენციაზე სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებმა, სტუმრებმა და სტუდენტებმა წარმოადგინეს და განიხილეს მიგრაციის მნიშვნელოვანი ასპექტები მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით კავკასიის რეგიონში. ძირითადი პერსპექტივა კონცენტრირებული იყო გერმანელების კოლონიზაციაზე საქართველოში და მის გავლენაზე ადგილობრივ თემზე. მონაწილეებმა ასევე მოინახულეს სამი მნიშვნელოვანი გერმანული დასახლება საქართველოში: ბოლნისი (კატარინენფელდი), ასურეთი (ელიზაბეტთალი) და სართიჭალა (მარიენფელდი).

მომხსენებლებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები:

  • სტეფანი ლოუსონი: გეოპოლიტიკა წყნარი ოკეანის საუკუნეში
  • ზიგრიდ ბარინგჰორსტი: ევროკავშირის მიგრაცია და ლტოლვილთა პოლიტიკა – მიზნები, სტრატეგიები და დილემები.
  • რაფაელა ავერკორნი: მიგრაცია და ცოდნის ტრანსფერი - ჰუგენოტები.
  • ლალი კახიძე: საარქივო წყაროები და ხელოვნური ინტელექტი.
  • უტა ლიბესქინდი: თვისებრივი კვლევის მეთოდების შესავალი პროექტის მასალის გამოყენებით.
  • ლევან ცაგარელი: გერმანულ-ქართული ინტერკულტურული ლიტერატურა.
  • მარი ანა შიობელი: მზით შემოსილი ქალი - გამოცხადების როლი ჯოანა საუთკოტისა და ჯულიანა ფონ კრუდენერის ცხოვრებაში.
  • ფელიქს ლოდერმაიერი: ბედნიერების ძიება შორ მანძილზე. გერმანული დიასპორის ისტორია თბილისში მე-19 საუკუნეში.
  • ფლორიან კრიონერტი: თავისუფლებების იმედი ახალ აღთქმულ მიწაზე? სამხრეთ გერმანიიდან ჩამოსული პიეტისტი დევნილების ცხოვრების რეალობა საქართველოში XIX საუკუნეში.
  • დავით ჯიშკარიანი/ ოლივერ რაისნერი: გერმანელი კოლონისტები და ბოლშევიკური ძალაუფლება – ასურეთი 1920-იან წლებში.
  • ივა მინდაძე: გერმანელი სამხედრო ტყვეები საქართველოში.
  • ტატიანა სიჭინავა: ომისშემდგომი მიგრაცია და მისი გავლენა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე.
  • ანდრეას გკოლფინოპულოსი: ტვინების გადინება და მისი აღქმა მაღალკვალიფიციური ბერძენი (არა)მიგრანტების მიერ.
  • თამარ თარალაშვილი: ახალგაზრდობა და მიგრაცია საქართველოში.
  • ანა ჭინჭარაული: ჩეჩნებისა და ხევსურების განსახლება კავკასიაში 1940-იან და 1950-იან წლებში.

მომხსენებელთა ნაწილი ასევე იყო საქართველოში ეროვნული არქივის მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. მათი თემები ეხებოდა:

  • ყოველდღიურობა ასურეთში საბჭოთა პერიოდში საყოფაცხოვრებო ჩანაწერების მიხედვით - დავით ჯიშკარიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  • რელიგია, მედია და საზოგადოება - გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე სამხრეთ კავკასიის გერმანულ სოფლებში (მე-19/მე-20 საუკუნის დასაწყისი) - რაფაელა ავერკორნი, ზიგენის უნივერსიტეტი.
  • როგორ მივიდე ზემელის მოედნამდე? (კულტურული ფორმირების პროცესი გერმანელი კოლონისტების ისტორიის კონსტრუქციის მაგალითზე საქართველოში) - ივანე მინდაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  • გერმანელი კოლონისტები საქართველოში - მუშაობა ციფრულ საარქივო წყაროებზე და თანამედროვე მიდგომები მონაცემთა ბაზებში - ლალი კახიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  • არა მარტო ლენინისთვის – როგორ გამოეხმაურნენ ასურეთში-ელისაბეტთალში შვაბიელი კოლონისტები 1920-იან წლებში საქართველოში ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარებას - ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2023 წელი

ბანერები