ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო კონფერენცია: „მეხსიერება და იდენტობა პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველო და კავკასია აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“

ღონისძიებები

1-2 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია: „მეხსიერება და იდენტობა პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველო და კავკასია აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“.

კონფერენციის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების ცენტრი კავკასიაში (MSCC). კონფერენცია ჩატარდება კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის (ASCN), ხსოვნის და სოლიდარობის ევროპული ქსელისა (ENRS) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) თანამონაწილეობით.

კავკასია შეიძლება დახასიათდეს, როგორც განსხვავებული კულტურების და ცივილიზაციათა მიჯნა და გზაჯვარედინი. სხვადასხვა ერის, ეთნიკური ჯგუფის, რელიგიისა და კულტურის თანაარსებობა ასევე განსხვავებული, ხშირად მკვეთრად დაყოფილი, მნემონიკური ერთობების არსებობაზე მიუთითებს, რადგან კოლექტიური მეხსიერება ეთნიკური თუ კულტურული იდენტობის მნიშვნელოვანი მარკერია. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მრავალი მიმდინარე პრობლემა მეხსიერების პოლიტიკის შედეგია, მისი კვლევა საქართველოსა და კავკასიაში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.

კონფერენცია მიზნად ისახავს მეხსიერების, იდენტობისა და პოლიტიკის ძირითადი ელემენტების ანალიზს საქართველოს, კავკასიისა და პოსტსოციალისტური სივრცის კონტექსტში. ვიმედოვნებთ, რომ საფუძველი ჩაეყრება რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობას იმ მეცნიერთა შორის, რომლებიც მოღვაწეობენ ამ კომპლექსურ და ფართო აკადემიურ სფეროში. კონფერენციაში მონაწილეობენ ამერიკელი, პოლონელი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი მეცნიერები.

კონფერენცია ეხმიანება პრობლემათა ფართო სპექტრს, რაც, ყველაფერთან ერთად, მეტ სინათლეს მოჰფენს მეხსიერების ფენომენის უნიკალურ და უნივერსალურ თვისებებს თანამედროვე საქართველოში, კავკასიასა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემებს:

  • მეხსიერების პოლიტიკა ისტორიულ პერსპექტივაში: მეხსიერების პოლიტიკის ისტორიული ფორმები საქართველოსა და კავკასიაში;
  • საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მეხსიერების პოლიტიკა ტოტალიტარული და იმპერიული მემკვიდრეობის ფარგლებში;
  • მეხსიერების ადგილები და გარემო საქართველოსა და კავკასიაში;
  • კოლექტიური მეხსიერება და კოლექტიური ამნეზია: კოლექტიური ამნეზია, როგორც დავიწყების აქტი და სოციალური ერთობის მიღწევის საშუალება?
  • მეხსიერება მშვიდობისა და შერიგების პროცესში;

კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ თანდართულ ფაილში.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო და ადგილმდებარეობა:

1-ლი ივნისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

2 ივნისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები