ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო კონფერენცია „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“

ღონისძიებები

10 ნოემბერს, 09:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 სხდომათა დარბაზში გაიხსნება პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ (https://lexicography21.iliauni.edu.ge/).

ლექსიკოგრაფიამ მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში დიდი ევოლუცია განიცადა. თუმცა ციფრულმა ეპოქამ დარგი დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და სწრაფად განვითარებად სფეროდ აქცია.

ბეჭდურმა ლექსიკონებმა გზა დაუთმო ელექტრონულ და ონლაინლექსიკონებს, რამაც თანდათან მოითხოვა მრავალი თეორიული და პრაქტიკული საკითხის გადააზრება.

ენობრივი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროს სწრაფი პროგრესი კვლავ ახალ მოთხოვნებს უყენებს ლექსიკოგრაფიასა და ლექსიკოგრაფებს.

სამდღიანი კონფერენცია 10-12 ნოემბერს გაიმართება. მისი მიზანია საქართველოში შექმნას ფორუმი თანამედროვე ლექსიკოგრაფიის აქტუალურ საკითხებზე სამსჯელოდ.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 55 მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ესენია: დანია, ავსტრია, უნგრეთი, აშშ, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, მექსიკა, გერმანია, ლატვია, სლოვენია, ინდოეთი, სომხეთი და სხვ.

ქართველი მეცნიერები წარმოადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ახალგაზრდა მეცნიერები, მაგისტრანტები, დოქტორანტები, ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პროგრამის (European Master in Lexicography) კურსდამთავრებულები, მათ შორის ქართველი კურსდამთავრებულები, ასევე სტუდენტები.

კონფერენციის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი.

მხარდამჭერები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ფრანგული კომპანია „IDM ჯგუფი“, „სულაკაურის გამომცემლობა“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სსიპ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო“ და ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი „ავიცენა“.

საერთაშორისო კონფერენცია „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ დააარსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.

კონფერენცია 2 წელიწადში ერთხელ მონაცვლეობით გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მომდევნო კონფერენცია 2025 წელს გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 10-12 ნოემბერი, 09:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები