ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო კონფერენცია: „ჩვენი იდუმალი მზე: მაგნიტური კავშირი მზის წიაღსა და ატმოსფეროს შორის“

ღონისძიებები

2017 წლის 25-29 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „ტიფლის პალასში“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ორგანიზებით  გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ჩვენი იდუმალი მზე: მაგნიტური კავშირი მზის წიაღსა და ატმოსფეროს შორის“ (Our mysterious Sun: magnetic coupling between solar interior and atmosphere). კონფერენციის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. 

კონფერენციის მიზანია მიმოიხილოს მზისა და ჰელიოსფეროს ფიზიკის კვლევაში ბოლო წლებში მიღწეული შედეგები, არსებული პრობლემები და დასახოს ამ პრობლემების გადაჭრის გზები. ასევე ხელი შეუწყოს ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევაში შემდგომ ჩართულობას და ახალი სამეცნიერო კონტაქტების დამყარებას მსოფლიოს წამყვან მეცნიერებსა და კვლევით ინსტიტუტებთან.

კონფერენციის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტია:

  • Roberto Bruno (რომის ჰელიოფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, იტალია)
  • Mats Carlsson (ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, ნორვეგია)
  • Arnold Hanslmeier (გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი, ავსტრია)
  • Laurent Gizon (მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი, გერმანია)
  • Mihalis Mathioudakis (ბელფასტის უნივერსიტეტის პროფესორი, დიდი ბრიტანეთი)
  • Scott McIntosh (High-Altitude Observatory-ის დირექტორი, აშშ)
  • Kris Murawski (მარია კიურის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლონეთი)
  • Valery Nakariakov (ვორვიკის უნივერსიტეტის პროფესორი, დიდი ბრიტანეთი)
  • Leon Ofman (NASA-ს მთავარი სპეციალისტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ)
  • Ramón Oliver (ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტის პროფესორი, ესპანეთი)
  • Stefaan Poedts (ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორი, ბელგია)
  • Teimuraz Zaqarashvili (ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი, კონფერენციის ორგანიზატორი)

კონფერენციას დაესწრებიან მსოფლიოს სხვა წამყვანი მეცნიერებიც:

  • Holly Gilbert (NASA–ს გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრის დირექტორის მოადგილე, აშშ)
  • Sami Solanki (მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი, გერმანია)
  • Bart De Pontieu (სამეცნიერო თანამგზავრ IRIS-ის ხელმძღვანელი, აშშ)
  • Terry Kucera (NASA-ს მთავარი სპეციალისტი, აშშ)
  • Manolo Collados (მომავალი 4-მეტრიანი ტელესკოპის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ესპანეთი)
  • Mausumi Dikpati (High-Altitude Observatory-ის მთავარი სპეციალისტი, აშშ)
  • Mark Miesch (High-Altitude Observatory-ის მთავარი სპეციალისტი, აშშ)
  • Francesca Zuccarello (კატანიის უნივერსიტეტის პროფესორი, იტალია)
  • Javier Trujillo Bueno (კანარის ასტროფიზიკური ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი, ესპანეთი)

კონფერენციაზე მოხსენებებს გააკეთებენ სხვა მკვლევრები და ახალგაზრდა მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მზე არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ციური სხეული. მასზე დამოკიდებულია სიცოცხლე დედამიწაზე. მზე უდიდეს გავლენას ახდენს დედამიწასა და საპლანეტთაშორისო სივრცეზე. მზეზე მიმდინარე მოვლენების (ამოფრქვევები, ანთებები, ტორნადოები) შედეგად ამოიფრქვევა მილიარდობით ტონა ნივთიერება. ეს ნივთიერები აღწევს დედამიწამდე და იწვევს გეომაგნიტურ ქარიშხლებს, რომლებიც მოქმედებენ კოსმოსურ თანამგზავრებზე, ტელესაკომუნიკაციო სისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, თანამედროვე ცივილიზებული ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული მზეზე მიმდინარე მოვლენებთან. ამიტომ ამ მოვლენების შესწავლასა და წინასწარმეტყველებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ცივილიზაციის მომავალი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისთვის.

აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მზეს რამდენიმე ათეული წელია აკვირდებიან რამდენიმე სამზეო ტელესკოპის საშუალებით. დღესაც ჩვენი მეცნიერები, უცხოელ წამყვან მკვლევრებთან თანამშრომლობით, შეისწავლიან ჩვენს საიდუმლოებით მოცულ უმნიშვნელოვანეს ციურ სხეულს.

კონფერენციის დეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე: http://scientific-programme/

დრო: 25-29 სექტემბერი

ადგილმდებარეობა: სასტუმრო „ტიფლის პალასი“ (გორგასლის ქ. N3)

სამუშაო ენა: ინგლისური

 

 

ბანერები