ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო კონფერენცია: „21-ე საუკუნის 21 გამოწვევა: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები“

ღონისძიებები

2017 წლის 3-5 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება CODFREURCOR-ის (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების ფრანკოფონული რეგიონული სადოქტორო კოლეჯი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) მე-5 საერთაშორისო კონფერენცია: „21-ე საუკუნის 21 გამოწვევა: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე პროფესორი, დოქტორანტი, მეცნიერი, მკვლევარი როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს 15 ქვეყნიდან, ესენია: მოლდოვა, რუმინეთი, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, კანადა, ვიეტნამი, ლიბანი, ალჟირი, მაროკო, კოტ დივუარი, მადაგასკარი, კამერუნი, კონგო, გაბონი.

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება კვლევების ისეთ მთავარ სფეროებზე, როგორებიცაა: გლობალიზაცია – 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და თანამედროვე ფილოლოგია, ლინგვისტური და კულტურული პროცესები – პლურილინგვიზმი, პლურიკულტურალიზმი და საგანმანათლებლო და ენობრივი პოლიტიკა, ციფრული ჰუმანიტარია, თანამედროვე ლიტერატურა, ხელოვნება, ფოლკლორი, ენათა კონტაქტები – ახალი მიდგომები ენის, კულტურის, ლიტერატურის სწავლებაში; ინტერკულტურული დიალოგი და ტრადუქტოლოგია; გამოყენებითი ენათმეცნიერება; ახალი სპეციალიზებული სფეროების ტერმინოლოგიების სოციოკულტურული თავისებურებები; კორპუსის ლინგვისტიკა; ენობრივი, კულტურული, რელიგიური და ა.შ. იდენტობა.

კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ აგრეთვე სოციალური მეცნიერებების წინაშე არსებულ გამოწვევათა შესახებ: ევროპისმცოდნეობა, საჯარო მმართველობა, გლობალიზაცია და ეკონომიკა, მედიასაშუალებების თავისუფლების საკითხი, რელიგია და თანამედროვე მსოფლიო.

კონფერენცია მონაწილეებს საშუალება მისცემს, ნაყოფიერად გაცვალონ ინფორმაცია ჩამოთვლილ სფეროებში მათ მიერ განხორციელებული კვლევების შესახებ. იმავდროულად, ქართველ მეცნიერებს საერთაშორისო კვლევებში ინტეგრირების შესაძლებლობას მისცემს, რასაც უზრუნველყოფს მათი მოხსენებების ფრანგულ და ინგლისურ ენაზე წარდგენა და ქართულ ენაზე წაკითხულ მოხსენებათა ფრანგულ/ინგლისურ ენაზე თარგმანი. ეს კი უზრუნველყოფს ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო არენაზე.

კონფერენცია ხელს შეუწყობს აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის კონტაქტების დამყარებას მომავალში ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განვითარებისა და ერთობლივი სასწავლო პროგრამების შექმნის მიზნით. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება 2018 წლის აგვისტოში ჟურნალ ''Études interdisciplinaires en Sciences humaines''-ის (ინტერდისციპლინარული კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) მე-5 ნომერში. 

კონფერენციის პერიოდში გაიმართება რეგიონული სადოქტორო კოლეჯის დაარსების 5 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ამასთან, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მე-4 შეთანხმებას მორიგი 5-წლიანი პერიოდისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლ ვალერის უნივერსიტეტ მონპელიე 3-ს შორის. ასევე გაიმართება საერთაშორისო ასოციაციის AFELSH (ფილოლოგიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებისა და დაწესებულებების ასოციაცია) ახლად არჩეული აღმასრულებელი კომიტეტის შეკრება.

კონფერენციის მონაწილეთა სია, პროგრამა და მოხსენებების თეზისები იხ. კონფერენციის საიტზე:  colloque5codfreurcor.iliauni.edu.ge

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ფრანგული, ინგლისური, რუმინული, იტალიური.

დრო: 3-5 ოქტომბერი, 2017

ადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები