ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „წმინდა გიორგის ხატება რიტუალსა და ზეპირსიტყვიერ ტექსტებში“

ღონისძიებები

21 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ დოქტორი ნინო აბაკელია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „წმინდა გიორგის ხატება რიტუალსა და ზეპირსიტყვიერ ტექსტებში“.

თემის მოკლე აღწერა

მოხსენება ეხება წმინდა გიორგის თაყვანისცემის ერთ-ერთ (მაგრამ არა ერთადერთ) ფორმას საქართველოში, რომელიც დასტურდება სამხრეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში.

ქრისტიანული, და არა მარტო ქრისტიანული, სამყაროს ყველაზე ცნობილი წმინდანის, წმ. გიორგის სახის კვლევა შესაძლებლობას იძლეოდა, მის მრავალვალენტურ სახეში დანახული და პირველ პლანზე წამოწეული ყოფილიყო მისი ესა თუ ის ასპექტი, რაც სხვადასხვა დისციპლინის მკვლევრებს საშუალებას აძლევდათ, განევითარებინათ  განსხვავებული თეორიები მის შესახებ. შესაბამისად, კვლევის რაკურსიდან გამომდინარე, ის სხვადასხვა დროს ასოცირდებოდა პერსევსთან, ჰორუსთან, თამუზთან ანუ, მოკვდავ და აღდგენად ღვთაებასთან, მთავრესთან, მითრასა და სხვა სახეებთან. მის კულტში ზოგი კვლევით გამოვლინდა პრევალირებული სოლარული ელემენტები და სპეციალური ყურადღება მიექცა მის ახალ თეოფანიას ქართველთა მსოფლმხედველობაში. დროთა განმავლობაში შესაძლებელი კავშირების ან, უკეთ, შესაძლო იდენტობების ნუსხა სწრაფად გაიზარდა.

მოხსენება განიხილავს წმ. გიორგის რამდენიმე ეპითეტს, რომლებიც ფიქსირდება სამხრეთ საქართველოს მოსახლეობის რელიგიურ ცხოვრებასა და აღმოსავლეთ საქართველოს რიტუალურ ზეპირსიტყვიერ ტექსტებში, რაც შუქს ჰფენს წმ. გიორგის  თაყვანისცემის კიდევ ერთ ფორმას საქართველოში.

მოხსენებაში ნაჩვენები იქნება შედარებითი მეთოდით გამოვლენილი წმ. გიორგი ხიდრის (ცხოელის) თაყვანისცემის ფორმა, რაც უფრო მიანიშნებს აღნიშნული ეპითეტების კონცეპტუალურობაზე, ვიდრე პოეტურ იმაგინაციაზე, რომელიც მსჭვალავს მთიელთა ყოველდღიურ ცხოვრებას და ასახულია როგორც ენაში, ასევე რიტუალშიც.

ეთნოგრაფიული მასალა ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა, რომ ძირი აღნიშნული კულტისა მოიძებნოს აბრაამისეული რელიგიების კონტექსტში.

დრო: 21 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები