საჯარო ლექცია თემაზე: „Star ექსპერიმენტი მძიმე იონების რელატივისტურ ამაჩქარებელზე“
ღონისძიებები
22 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ირაკლი ჩაკაბერიას საჯარო ლექცია თემაზე: „Star ექსპერიმენტი მძიმე იონების რელატივისტურ ამაჩქარებელზე“
თემის მოკლე აღწერა
მძიმე იონების რელატივისტური ამაჩქარებელი ამჟამად ერთადერთი მოქმედი მაღალი ენერგიის ამაჩქარებელია აშშ-ში. მისი გამოყენებით აღმოაჩინეს ნივთიერების ახალი მდგომარეობა – კვარკ-გლუონური პლაზმა. დღესდღეობით RHIC-ის გამოყენება მხოლოდ ერთი დიდი ექსპერიმენტით – STAR (Silicon Tracker At RHIC)-ით გრძელდება. STAR-ის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა კვარკ-გლუონური პლაზმის თვისებების შესწავლა. ნებისმიერი ნივთიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია მისი ფაზური მდგომარეობები და მათი ცვლა, რომელიც კრიტიკული წერტილით ხასიათდება. კვარკ-გლუონურ პლაზმასაც შესაძლოა, როგორც მრავალი არსებული თეორია წინაწარმეტყველებს, აღმოაჩნდეს ასეთი კრიტიკული წერტილი და მისი აღმოჩენა STAR-ისა და RHIC-ის მომავალი ორი წლის მთავარი ამოცანაა.
ქართული უნივერსიტეტები და მათი სამეცნიერო ჯგუფები საკმაოდ კარგად იცნობენ და ჩართულები არიან მაღალი ენერგიების ნაწილაკთა ფიზიკის მრავალ საერთაშორისო ექპერიმენტში, როგორებიც არის, მაგალითად, CERN-ის დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე მომუშავე ექსპერიმენტები. თუმცა STAR-ით, მიუხედავად თავის სფეროში ძალიან დიდი გავლენისა და უნიკალურობისა, ქართული ჯგუფები ნაკლებად არიან დაინტერესებულები.
კოლოკვიუმზე განხილული იქნება STAR ექსპერიმენტი, მისი მიღწევები და მომავალი გეგმები.
დრო: 22 ოქტომბერი,19:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. № 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.