ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „საქართველოს ცენტრალური ბანკის პოლიტიკური ეკონომია წარსულისა და აწმყოს გასაყარზე“

ღონისძიებები

6 მაისს, ორშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ დოქტორანტი ია ერაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველოს ცენტრალური ბანკის პოლიტიკური ეკონომია წარსულისა და აწმყოს გასაყარზე“.

ღონისძიების მოდერატორი: დრ. ლელა რეხვიაშვილი

მოხსენების მოკლე აღწერა

ცენტრალურ ბანკს მისი დასაბამიდანვე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ერი-სახელმწიფოებისა და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში. ეროვნული ბანკის იდეა მიბმული იყო და არის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებასთან, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვასა და ეროვნული ფულის სიძლიერესთან.   განხილვები ცენტრალური ბანკის არსისა და მისიის შესახებ დღემდე მნიშვნელობას არ კარგავს, გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა კი ამ საკითხის აქტუალურობა კიდევ ერთხელ წინ წამოსწია.

ცენტრალური ბანკის ქართულ კონტექსტში განხილვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკონომიკური სიდუხჭირის და დასუსტებული ეროვნული ვალუტის ფონზე, რადგან მისი მოწყობის პოლიტიკურ-ეკონომიური ანალიზი საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა მთელ რიგ საკითხებზე – სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის აღქმაზე, პოლიტიკისა და ეკონომიკის ერთმანეთთან მიმართებაზე, საზოგადოების ინტერესების მიმართ მთავრობის დამოკიდებულებასა და ასევე სახელმწიფოს პოზიციაზე საერთაშორისო მონეტარული სისტემის იერარქიაში. სწორედ ამიტომ, მოხსენების მიზანია განიხილოს ცენტრალური ბანკი ისტორიულ და თეორიულ ჭრილში, ერთმანეთთან დააკავშიროს აკადემიური და პოლიტიკური დებატი და გამოკვეთოს დღევანდელ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცენტრალური საკითხები. ამიტომ მომხსნებელი ჯერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკის პოლიტიკურ ეკონომიას შეეხება, შემდეგ კი დღევანდელი ეროვნული ბანკის მოწყობის ფორმასა და ფუნქციას განიხილავს. დღეს, როცა ასე წარმატებით მიმდინარეობს ცენტრალური ბანკების დეპოლიტიზაციისა და ღირებულებებისგან დაცლის პროცესი, წარსული გამოცდილებებისა და დებატების გაცოცხლება პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ გზით შეიძლება, ერთი მხრივ, წარსულის უკეთ შესწავლა, მეორე მხრივ კი, აწმყოში გაბატონებული ნორმების ეჭვქვეშ დაყენება ან სულაც მათი დამსხვრევა.

მომხსენებლის შესახებ

ია ერაძე კასელის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის დოქტორანტია. მისი სადოქტორო დისერტაციის თემაა „დოლარიზაციის ისტერია ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების კვალდაკვალ (ხელმძღვანელი: პროფ. ქრისტოფ შერერი)“. კასელის უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიის მაგისტრი და თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრია.

I.L.A. (Imperiale Produktions- & Lebensweisen: Ausbeutungsstrukturen im 21. Jahrhundert) კოლექტივის წევრი და თანაავტორია: I.L.A. Kollektiv (2017) Auf Kosten Anderer? Wie die Imperiale Lebensweise ein gutes Leben für Alle verhindert. Oekom Verlag. München

დრო: 6 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები