ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „რამდენად ახლოსაა ხელოვნური ინტელექტი ბუნებრივთან“

ღონისძიებები

12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ერეკლე მაღრაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ,,რამდენად ახლოსაა ხელოვნური ინტელექტი ბუნებრივთან“.

თემის მოკლე აღწერა:

1956 წელს ჯონ მაკარტიმ ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ გამოიყენა თავის ნაშრომში, რომელიც შეეხებოდა ინტელექტის/ცნობიერების შესწავლას და მისი ძირითადი კომპონენტების კომპიუტერში დანერგვას. ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ 1956 წელს გამოჩნდა, თუმცა მოაზროვნე ან მოფიქრალი მანქანების შექმნის იდეა ადრეც არსებობდა, კერძოდ, ალან ტიურინგმა ამის შესახებ ისაუბრა ნაშრომში Computing Machinery and Intelligence, რომელშიც დასვა ხელოვნური ინტელექტის, როგორც დარგისთვის უმნიშვნელოვანესი შეკითხვა: შეუძლიათ თუ არა გამომთვლელ მანქანებს აზროვნება? ამ კითხვაზე დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემა რთულია, რადგან თვითონ აზროვნების განმარტებაა რთული. შეიძლება აზროვნება განვიხილოთ, როგორც სამყაროსთან კომუნიკაციის შედეგი, რასაც მივყავართ ლუდვიგ ვიტგენშტაინის ნაშრომებამდე ან, არსებობის შედეგად, მივყავართ დეკარტემდე. ეს რთული და სიღრმისეული კითხვა სხვანაირადაც იყო გაგებული, კერძოდ, დაფუძნდა ტიურინგის პრიზი – მეცნიერებს შეეძლოთ წარედგინათ თავიანთი შექმნილი მექანიზმები, რომლებსაც უნდა ეთამაშათ „იმიტაციის თამაში” და გაევლოთ ტიურინგის ტესტი, წარმატების შემთხვევაში, პრიზად მიიღებდნენ 100 000 დოლარს. ტიურინგის კითხვის ამგვარმა ინტერპრეტაციამ დიდწილად განაპირობა თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის მსგავსი სისტემების შექმნა და ე. წ., მანქანური სწავლების, დიდი მონაცემები ? ანალიტიკისა და მონაცემთა მეცნიერების განვითარების ახალ სტადიაზე გადასვლა. თუმცა არის კი ეს სწორი გზა ხელოვნური ინტელექტის შექმნისკენ? ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია.

არსებობს მეორე მიდგომაც მოფიქრალი მანქანების შესაქმნელად, კერძოდ, ნეირომეცნიერები და ბიოინფორმატიკოსები ცდილობენ გაიგონ როგორც ადამიანის, ასევე ცხოველების ტვინის ფუნქციონირების სიღრმისეული მექანიზმები, ანუ ცდილობენ ამოხსნან აზროვნების ფიზიკა, რაც შემდგომ საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ მოაზროვნე მანქანა. 

მოხსენებაში საუბარი იქნება ამ ორ მიმართულებაზე, კერძოდ, მათში გამოყენებული ტექნოლოგიებისა და მიღწევების და პერსპექტივების შესახებ,, პირველი: რამდენად ახლოს ვართ, რომ სწორად შევიცნოთ, რა არის ბუნებრივი ინტელექტი და მეორე: რამდენად შორს ვართ, რომ შევქმნათ მისი ანალოგი.

მომხსენებლის შესახებ:

2006 წელს ერეკლე მაღრაძემ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, 2009 წელს – მაგისტრატურა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სტატისტიკის მიმართულებით, 2008 წლიდან ჩართული იყო ცერნის ატლას ექსპერიმენტში. 2011 წელს განაგრძო დოქტორანტურა გიოტინგენის უნივერსიტეტის, ფიზიკის მეორე ინსტიტუტის, ცერნის ატლას ექპსერიმენტის ჯგუფში, სადაც 2015 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დიდი გამოთვლითი სისტემების ავტომატიზაციის შესახებ მანქანური სწავლების ტექნოლოგიების გამოყენებით.
შემდგომ მუშაობდა კარლსრუეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჭკვიანი მონაცემების ინოვაციების ლაბორატორიაში მანქანური სწავლების პროცესის დანერგვასა და წარმართვაზე სხვადასხვა ინდუსტრიულ თუ სამეცნიერო სფეროში მრავალფეროვანი პლატფორმების გამოყენებით, მათ შორის IBM Watson ტექნოლოგიის გამოყენებითაც.
2016-2018 წლებში ხელმძღვანელობდა დიდი მონაცემებისა და ავტომატიზაციის მიმართულებას გერმანულ სტარტაპკომპანიაში, სადაც წარმატებით დაინერგა თანამედროვე დიდი მონაცემებისა და მონაცემთა ნაკადების ანალიზის ტექნოლოგიები. 2018 წლიდან ილიაუნის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების ასოცირებული პროფესორი და გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელია; კითხულობს მანქანური სწავლების, ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის კურსებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოში; დაინტერესებულია ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ტექნოლოგიებით.

დრო: 12 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები