ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „მიქელანჯელოს მნიშვნელობა ფლორენციის ხელოვანთა აკადემიაში და ალესანდრო ალორის დავიწყებული სურათი“

ღონისძიებები

21 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში  გაიმართება ხელოვნებათმცოდნე ნინო ნანობაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „მიქელანჯელოს მნიშვნელობა ფლორენციის ხელოვანთა აკადემიაში და ალესანდრო ალორის დავიწყებული სურათი“.

ნინო ნანობაშვილი არის მიუნხენის გრაფიკების კაბინეტის ასისტენტ-კურატორი; PhD: მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი.

თემის მოკლე აღწერა

1563 წელს ფლორენციის ხელოვანთა აკადემიის (“Accademia del Disegno”) დაარსება მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა, როგორც მასში გაწევრიანებულ ხელოვანთათვის, ასევე ხელოვნების მოყვარულთათვის, განსაკუთრებით კი მედიჩების საგვარეულოს წარმომადგენლებისათვის. აკადემიის დაარსებისთანავე მისმა წევრებმა დაიწყეს აკადემიის ინტელექტუალური პროგრამის ჩამოყალიბება და ზრუნვა ამ პროგრამის საზოგადოებისათვის წარსადგენად. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მედიჩების ოჯახის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობას.

ფლორენციის აკადემია ერთმანეთისგან განსხვავებულად მოაზროვნე წევრებისგან შედგებოდა, რაც წლების განმავლობაში მათ შორის არაერთი დაპირისპირებისა და უკმაყოფილების მიზეზი გახდა. აკადემიის ხელმძღვანელი, მედიჩების ოჯახთან დაახლოებული, ჯორჯო ვაზარი, არ იყო მიუკერძოებელი თავისი შეხედულებებით. მის ტექსტებსა და ბიოგრაფიებში ხშირად შეიმჩნევა ვაზარის მიერ შეცვლილი ან დაფარული ფაქტები.

მომხსენებელი შეეხება ალესანდრო ალორის (1535-1607), ანიოლო ბრონძინოს (1503-1572) მოწაფისა და მემკვიდრის, ნახატს „ქრისტე წმინდა კოზმას და დამიანეს შორის,“ რომელიც ამჟამად ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში ინახება. სურათი მრავალ ისეთ პროგრამულ თემას შეიცავს, რომლებიც ფლორენციის აკადემიის დაარსების პერიოდში იყო აქტუალური, თუმცა აკადემიის ოფიციალურ ნაწერებში არ მოიხსენიება.  განხილული იქნება, როგორც ალესანდრო ალორის როლი ფლორენციის კულტურულ ცხოვრებასა და ხელოვანთა წრეებში, ასევე მიქელანჯელოს მემკვიდრეობის მნიშვნელობა ფლორენციისთვის. აუდიტორია გაეცნობა წლების განმავლობაში დავიწყებული ალორის სურათის „ქრისტე წმინდა კოზმას და დამიანეს შორის” შემდგომ ისტორიას.


დრო: 21 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.  

ბანერები