ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია: „გამოვლენილი ბზარები: პირველი მსოფლიო ომის შესახებ წინააღმდეგობრივ მეხსიერებათა კანონიკა ევროპაში“

ღონისძიებები

3 ივნისს, 17:00 საათზე, ისტორიკოსი გერგელი რომსიკსი (უნგრეთი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში წაიკითხავს საჯარო ლექციას: „გამოვლენილი ბზარები: პირველი მსოფლიო ომის შესახებ წინააღმდეგობრივ მეხსიერებათა კანონიკა ევროპაში“.

უკვე ათეული წელია, რაც ფორმირების პროცესში მყოფი ევროპული მეხსიერების კულტურის ორი ბირთვის ჰოლოკოსტისა და პოსტკომუნისტური მნემონური პრაქტიკების ოპოზიციამ ინტენსიური დისკუსიის საგნად მეხსიერება და მემორალიზაცია აქცია როგორც ევროკავშირში, ისე მის გარეთ. კოლექტიური მეხსიერების ამ „ხარვეზის“ შესახებ რეფლექსია ყოფილი „რკინის ფარდის“ ორივე მხარისთვის დამახასიათებელ ისტორიებსა და რეფლექსიურ პრაქტიკებს შორის განსხვავებებს გამოკვეთს და ხაზს უსვამს „მეხსიერებათა კონკურენციას“, ერთი მხრივ, მონანიებისა და, მეორე მხრივ, მსხვერპლად ყოფნის კულტურებს შორის, რომლებიც, შესაბამისად, „დასავლეთისა“ და „აღმოსავლეთის“ ქვეყნებთან ასოცირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ დისკურსის „გულაგი vs ჰოლოკოსტი“ ასპექტები კრიტიკის საფუძველს იძლევა, ვერ უარვყოფთ ამ იდეის პროდუქტიულობას მეხსიერების შესწავლის სწრაფად მზარდ სფეროში. ტოტალიტარული წარსულის მემორალიზაციის შესახებ არსებულ ინტენსიურ დისკუსიასთან შედარებით ინტერესი პირველი მსოფლიო ომისადმი, მისი 100 წლისთავის მიუხედავად, ამ მხრივ ნაკლებია სამეცნიერო წრეებში თუ არა, საზოგადო ასპარეზზე მოღვაწე ინტელექტუალებსა და მეხსიერების „ანტერპრენერებს“ შორის მაინც. კლაუს ლეგევის „ევროპული მეხსიერების შვიდ წრეში“ „დიდი ომი“ ფიგურირებს, როგორც მნიშვნელოვანი, თუმცა არა სრულად დამოუკიდებელი, კომპონენტი და წარმოდგენილია, როგორც სინეკდოქე, რომელიც მიუთითებს იმ საყოველთაო მობილიზაციის ქარტეხილსა და მასობრივ საბრძოლო დანაკარგზე, ომში ჩართულ ინდუსტრიულ ქვეყნებს თავს რომ დაატყდა.

მომხსნებელი მიმოიხილავს დასავლეთ ევროპული მეხსიერების კანონებს და დაადასტურებს არგუმენტებს, რომ მდინარე ელბის დასავლეთით სახელმწიფოებრიობის ფორმირების თანამედროვე პროცესები მეტწილად დიდ ომამდე განვითარდა და, შესაბამისად, ომის მეხსიერება იმთავითვე შეერწყა მე-19 საუკუნის ელიტისტური ლიბერალური ჰეგემონიის მომდევნო ხანაში ამ ნაციონალური სახელმწიფოების კონსტიტუირების შესახებ განვითარებულ სააზროვნო დისკურსს. მოგვიანებით, განსაკუთრებით 1945 წლის შემდგომი ლიბერალური დემოკრატიის ეპოქაში, ამ რეფლექსიამ მიმართულება შეიცვალა და რეკონსტრუირდა, როგორც, ერთი მხრივ, მშვიდობიანი დემოკრატიული სახელმწიფოს და, მეორე მხრივ, ომისგან უკიდურესად დაზარალებულ ევროპულ სახელმწიფოთა ტრანსნაციონალური სოლიდარობის მშენებლობის ორაზროვანი თემა. ხსენებული პროცესების განმავლობაში ომის გამოცდილებამ უფრო მეტად შეიძინა მაკონსტიტუირებელი ფუნქცია, ვიდრე მისი საერთაშორისო პოლიტიკური შედეგების შეფასებამ.

მომხსენებლის შესახებ

გერგელი რომსიკსი, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ჰუმანიტარულ კვლევათა ცენტრის უფროსი მკვლევარი,  ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასწავლის.

სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თანამედროვე საერთაშორისო ისტორიის მიმართულებით, ჰაბსბურგების იმპერიის მემკვიდრეობისა და ომთაშორის პერიოდში პოლიტიკურ აზროვნებასა და ისტორიოგრაფიაში მისი როლის  შესახებ. რომსიკსმა მოიპოვა სადოქტორო და პოსტ-სადოქტორო გრანტები შემდეგი ინსტიტუციებიდან: Zeit Stiftung, ჰამბურგი, Collegium Budapest, Financial Research Plc, ბუდაპეშტი; ევროპის ისტორიის ინსტიტუტი, მაინცი; ტომ ლანტოსის ინსტიტუტი; იგი იყო მიწვეული მკვლევარი კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში ორი აკადემიური წლის განმავლობაში. 2014-2017 წწ. ხელმძღვანელობდა ნიუ იორკის უნგრული კულტურის ცენტრს.

მეცნიერის კვლევის ძირითადი სფეროა პოლიტიკური აზროვნების ისტორია და ისტორიოგრაფია. რამდენიმე მონოგრაფიის ავტორია, მათ შორის წიგნებისა „მითი და მეხსიერება“ (Myth and Remembrance) (2006) და „მეხსიერება ჰაბსბურგების იმპერიის შესახებ“ (The Memory of the Habsburg Empire) (2010). ასევე აინტერესებს კოლექტიურ მეხსიერებასა და მნემონურ პრაქტიკებთან დაკავშირებული საკითხები და საერთაშორისო პოლიტიკის თეორიის ტრადიცია; ამჟამად მონაწილეობს ორ მსხვილ პროექტში: Trianon100, რომელიც შეისწავლის 1920 წ. სამშვიდობო ხელშეკრულების გავლენას უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებზე ისტროიულ-სოციოლოგიური პერსპექტივიდან და მენტალიტეტების ისტორიას; რომსიკსი უნგრეთის ეროვნული კვლევითი ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ჰორტის ეპოქის ცნობარი“ (The Handbook of the Horthy Era) ასოცირებული რედაქტორი და აკადემიური კოორდინატორია. ამჟამად მუშაობს მონოგრაფიაზე მე-20 საუკუნის უნგრულ მნემონურ კულტურათა შესახებ.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 3 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები