ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სადისკუსიო შეხვედრა: „დამოუკიდებლობა მეხსიერებასა და ისტორიაში“

ღონისძიებები

25 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ „ASCN ალუმნი ქსელი“ და ილიაუნის ფილოსოფოსთა სტუდენტური კლუბი გიწვევთ სადისკუსიო შეხვედრაზე: „დამოუკიდებლობა ისტორიასა და მეხსიერებაში“.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან აქტიურად იწყება პირველი რესპუბლიკის ისტორიის განხილვა. მის მიერ მოპოვებული და მალევე დაკარგული დამოუკიდებლობა ახალ ინტერპრეტაციას იძენს, რომელიც საბჭოთა სოციალისტური ბრძოლის ნარატივის საპირწონედ ახალ, ეროვნული დამოუკიდებლობის დრამატულ ნარატივს აფუძნებს. თუმცა გარკვეული მიზეზებით პირველი რესპუბლიკის ფენომენი მშრალ ფორმულებამდე იქნა დაყვანილიმ რომელთა შორისაც დამოუკიდებლობა და შემდგომ საბჭოთა ოკუპაცია განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, ხოლო სახელმწიფოს დემოკრატიული ადმინისტრირების, ეთნიკური მრავალფეროვნებისა და მრავალი სხვა საკითხი ფართო ინტერესის მიღმა დარჩა.

რას ვივიწყებთ და რა გვახსოვს?

მომხსენებლები

ირაკლი ხვადაგიანი (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი) –  დამოუკიდებლობის იდეის ტრანსფორმაცია თეორიასა და პრაქტიკაში: რა გზა გაიარა ქართულმა პოლიტიკურმა აზრმა 1918 წლამდე. როგორ გახდა შესაძლებელი სრულ დამოუკიდებლობაზე ღია საუბარი და მოქმედება. რამ განსაზღვრა პირველი რესპუბლიკის პრეცედენტის შექმნა.

ლუკა ნახუცრიშვილი (ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი) – რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როგორც ფორმა და რა არის ის შინაარსი, რითიც ეს ფორმა “ივსება“? რა ხედვა ჰქონდათ ამის თაობაზე წამყვან ქართველ სოციალ-დემოკრატებს? ისტორიის რანაირ გაგებას ეფუძნებოდნენ ისინი და როგორ ზემოქმედებდა მათი ეს ისტორიულ-ფილოსოფიური მსოფლმხედველობა მათ კონკრეტულ პოლიტიკურ მოქმედებაზე? რა ბარიერები უდგას წინ დღეს მცდელობას, აწმყოში სამოქმედოდ გამოსადეგ ცოცხალ მემკვიდრეობად იქცეს ასი წლის წინანდელი დემოკრატიული და იდეური ბრძოლის გამოცდილება?

კონსტანტინე ლადარია (კულტურის კვლევების პროგრამის დოქტორანტი) – 26 მაისი, როგორც თარიღი და მეხსიერება თანამედროვე საქართველოში: რა წინააღმდეგობრივი და ურთიერთშემავსებელი ნარატივებია დაკავშირებული თარიღთან, როდესაც აღინიშნება „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“? რა ფარული დაპირისპირებები არსებობს მე-20 საუკუნის ორ – 1918 და 1991 წლების –დამოუკიდებლობას შორის?

შეხვედრას მოდერაციას გაუწევს პროფ. თამარ ცოფურაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი).

დრო: 25 მაისი, 19:00

ადგილმდებარეობაწიგნის სახლი „ლიგამუსი“; ი. ჭავჭავაძის გამზირი N32

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები