ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სადაზღვევო კომპანიების რეიტინგული კვლევა

ღონისძიებები

21 დეკემბერს, 14.00 საათზე, ილიაუნის 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ.32) გაიმართება პროექტ „სადაზღვევო კომპანიების რეიტინგული კვლევის“ პრეზენტაცია. პროექტი ხორციელდება ბიზნესის ფაკულტეტის „ჯანდაცვის პოლიტიკის და მენეჯმენტის“ და „სადაზღვევო საქმის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფარგლებში.

კვლევის მიზანია სადაზღვევო კომპანიების რეიტინგული შეფასების ინსტრუმენტების შექმნა.

საქართველოს ჯანმრთელობის სადაზღვევო ბაზარზე ათეულზე მეტი კომპანია უწევს ერთმანეთს კონკურენციას, რაც დადებითი მოვლენაა დაზღვეულთა ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. თუმცა, კონკურენცია და არჩევანის შესაძლებლობა არ ნიშნავს მომხმარებლისათვის სასურველი შედეგის მიღწევის უზრუნველყოფას, რადგან რიგ შემთხვევებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო კონკურენცია ფასის მიხედვით გადაწონის ხარისხის მიხედვით კონკურენციას.

მომხმარებელს უჭირს სადაზღვევო ბაზარზე ორიენტირება. მისთვის რთულია სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ მოწოდებულ სადაზღვევო პაკეტებს შორის ამოარჩიოს ის გეგმა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება მის საჭიროებებს. ამასთან ერთად, არ ხდება ინფორმაციული უკუკავშირი - სადაზღვევო კომპანიები ვერ იღებენ ინფორმაციას მათ მიერ მიწოდებული პროდუქტის შესახებ, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის მომავალში კიდევ უფრო ეფექტური სადაზღვევო გეგმების შექმნას.

მომხმარებლის ინტერესების დაცვის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს სადაზღვევო ორგანიზაციების რეიტინგული კვლევების დანერგვა. რეიტინგული კვლევა გულისხმობს კომპანიების შეფასებას წინასწარ დადგენილი ინდიკატორების საშუალებით. მსგავსი კვლევები ხელს შეუწყობს როგორც მომხმარებლისთვის არჩევანის გაადვილებას, ასევე კომპანიებს შორის კონკურენციის გაზრდას და მიწოდებული პროდუქტის ხარისხის ამაღლებას.
აღსანიშნავია, რომ ასეთი პრაქტიკა არსებობს მრავალ ქვეყანაში, სადაც ყოველწლიურად ხორციელდება სადაზღვევო კომპანიების რეიტინგული კვლევა და მიღებული შედეგებით საზოგადოების ინფორმირება.

პროექტის პრეზენტაციას გაუძღვება ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების „ჯანდაცვის პოლიტიკის და მენეჯმენტის“ და „სადაზღვევო საქმის“ ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ ვერულავა.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ტელ.: 577 28 48 49
ელ. ფოსტა: tengiz.verulava@iliauni.edu.ge

ბანერები